როგორ აზიანებს მეხსიერებას სწრაფი კვება? – კვლევის შედეგები

საკვები ჩვენს ტვინზე იმაზე სწრაფ გავლენას ახდენს, ვიდრე აქამდე გვეგონა. ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის (UNC) სამედიცინო სკოლის მკვლევრებმა ჟურნალ Neuron-ში გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელიც გვიჩვენებს, როგორ „გადააწყობს“ არაჯანსაღი საკვები ტვინის მეხსიერების ცენტრს. ეს აღმოჩენა კარს უხსნის ადრეული ჩარევის ახალ მეთოდებს, რომლებმაც შესაძლოა სიმსუქნესთან დაკავშირებული მეხსიერების კარგვა თავიდან აგვაცილოს.
რა ხდება ტვინში, როცა ბურგერს მივირთმევთ? კვლევის ფარგლებში, რომელსაც ფარმაკოლოგიის პროფესორი ხუან სონგი და დოქტორი ტეილორ ლენდრი ხელმძღვანელობდნენ, აღმოაჩინეს, რომ ჰიპოკამპუსში (ტვინის მეხსიერების ცენტრში) არსებული სპეციფიკური უჯრედები, ე.წ. CCK ინტერნეირონები, მაღალცხიმიანი დიეტის დროს ზედმეტად აქტიურდებიან.
მიზეზი ენერგეტიკული დისბალანსია: ასეთი კვების დროს, ტვინს უჭირს გლუკოზის (შაქრის) მიღება. ეს პროცესი ტიპური დასავლური „ჯანქ ფუდის“ – ჩიზბურგერებისა და კარტოფილი ფრის ჭარბი მოხმარების ეფექტს იმეორებს. მეცნიერებმა ასევე გამოავლინეს ცილა, სახელად PKM2, რომელიც ტვინის უჯრედების მიერ ენერგიის მოხმარებას აკონტროლებს და ამ პრობლემაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.
მკვლევართა გუნდმა იცოდა, რომ მეტაბოლიზმი და დიეტა ტვინის ჯანმრთელობაზე მოქმედებდა, თუმცა მსგავს შედეგს არ ელოდნენ. მათი თქმით, ყველაზე გასაკვირი ის სისწრაფე აღმოჩნდა, რომლითაც ეს უჯრედები შეიცვალა – გლუკოზის ნაკლებობაზე რეაგირებას და მეხსიერების დაქვეითებას სულ რაღაც რამდენიმე დღე დასჭირდა.
ექსპერიმენტის ფარგლებში, თაგვები ცხიმიანი საკვების დიეტაზე ჰყავდათ. შედეგებმა აჩვენა, რომ 4 დღეში მეხსიერების ცენტრის ნეირონები არანორმალურად გააქტიურდა. რაც ყველაზე საგულისხმოა, ეს ნეგატიური ცვლილებები ტვინში გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე სხეულზე წონის მატება ან დიაბეტის ნიშნები გამოვლინდება.
კვლევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მგრძნობიარეა მეხსიერების წრედები კვების მიმართ. ნაჯერი ცხიმებით მდიდარმა რაციონმა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს ნეიროდეგენერაციული დაავადებების, მათ შორის დემენციისა და ალცჰაიმერის განვითარების რისკი.
კვლევამ აჩვენა, რომ ტვინში გლუკოზის დონის აღდგენა ამშვიდებს ზედმეტად აქტიურ ნეირონებს და მეხსიერების პრობლემებს აგვარებს.
განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა დიეტური ჩარევები, კონკრეტულად კი – ინტერვალური შიმშილობა (Intermittent Fasting). აღმოჩნდა, რომ მაღალცხიმიანი კვების შემდეგ მარხვის პერიოდებს შეუძლია CCK ინტერნეირონების ნორმალიზება და მეხსიერების ფუნქციის გაუმჯობესება.
სონგის განმარტებით, ადრეულ ჩარევას – იქნება ეს დიეტა თუ მედიკამენტები – შეუძლია მეხსიერების გადარჩენა და იმ გრძელვადიანი კოგნიტური პრობლემების თავიდან აცილება, რაც მეტაბოლურ დარღვევებთანაა დაკავშირებული. სამომავლოდ, მკვლევრები გეგმავენ შეისწავლონ, რამდენად ეფექტური იქნება ეს მიდგომები ადამიანებში და როგორ უკავშირდება მაღალცხიმიანი დიეტა ალცჰაიმერის განვითარებას.
წყარო: Sciencedaily www.marketer.ge