ჩვენ ვიცით, რომ ძველმა ეგვიპტელებმა პირამიდები ყველანაირი სატვირთოებისა თუ შესაბამისი ტექნოლოგიის გარეშე ააგეს. შესაბამისად, კონსპირაციის თეორიების მოყვარულები ხშირად სხვადასხვა ისტორიებს იგონებენ ხოლმე.
და აი ახლა, ყველანაირი კონსპირაციის გასაქრობად, ამსტერდამის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა პირამიდების აშენების შესაძლებლობა გამოიკვლიეს.
დოქტორი დანიელ ბონის ხელმძღვანელობით, მეცნიერთა ჯგუფმა ყურადღება ჯეჰუტიჰოტეპის სამარხზე გაამახვილა — განსაკუთრებით კედლის მხატვრობაზე, რომელზეც მშენებლობის გარკვეული ტექნიკაა ასახული.
ნახატი ძვ.წ. 1 900 წლით თარიღდება და მასზე 172 ადამიანია გამოსახული. მათ ქანდაკება სპეციალურ გასასრიალებელზე აქვთ შემოდებული და მას თოკებით ექაჩებიან. საუბარია “მარხილის” მსგავს მოწყობილობაზე, რომელიც ქვიშაზე გასასრიალებლად გამოიყენებოდა. საინტერესოა, რომ ნახატზე ასახულია ქვიშაზე წყლის დასხმის პროცესიც.
ფიზიკოსებმა გადაწყვიტეს პროცესი თავად გამოეცადათ. თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო მცირე მასშტაბით. მათ აღმოაჩინეს, რომ თუ ქვიშა მშრალია, წარმოიქმნება გროვები, რაც საგნების გადაადგილებას ხელს უშლის. იმ შემთხვევაში, თუ ქვიშაში ზუსტი რაოდენობის წყალს დაამატებთ, სითხე ხელს უშლის გროვების წარმოქმნას და ქვიშასაც უფრო გლუვს ხდის.
როგორც ბონმა Live Science-ს განუცხადა, თუ მშრალ ქვიშას გამოიყენებთ მოწყობილობა არ იმუშავებს. ხოლო, თუ ქვიშა ძალიან სველია, ამ შემთხვევაშიც, მოწყობილობა ვერ ივარგებს. შესაბამისად, არსებობს წყლის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც ქვიშას უნდა დაუმატოთ.
აქამდე ითვლებოდა, რომ ნახატში ასახული წყლის ფენომენი მხოლოდ რიტუალი იყო და მას პრაქტიკული დანიშნულება არ გააჩნდა. როგორც ჩანს, ეს მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო.
მკვლევრების თქმით, აღმოჩენა კიდევ ერთხელ უთითებს იმაზე, რომ პირამიდები ნამდვილად ძველმა ეგვიპტელებმა ააგეს და ამაში მეტაფიზიკური არაფერია.
ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეგვიპტელები მძიმე მასალებს ქვიშაზე სწორედ ამ ტექნიკის გამოყენებით გადააადგილებდნენ.
Physical Review Letters-ში გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ტექნიკა საგნების გადაადგილებას 50%-ით ამარტივებს.