როგორც ჯარისთვის თავის არიდებაზე, ისე დაწესდეს წლიური გადასახადი, თუ ორგანიზაციები უცხოური გავლენის რეესტრში არ დარეგისტრირდებიან – სანდრო რაქვიაშვილი

პარტია „გირჩის“ წევრი, დეპუტატი მმართველ გუნდს სთავაზობს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის „უცხოური გავლენის აგენტის“ რეესტრში არ დარეგისტრირების სანაცვლოდ წლიურად კონკრეტული ოდენობის თანხა იყოს გადასახდელი, მაგალითად როგორც ეს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების შემთხვევაშია დაწესებული.
მისი თქმით, ასეთი გადასახადის დაწესება აღმოფხვრის კონფლიქტის მიზეზს და ბიუჯეტიც შეივსება.
„წინადადება მაქვს, იმის გათვალისწინებით რომ NGO-ები აპირებენ არ დარეგისტრირდნენ. აქ ხომ ფაქტობრივად ფასები გვიწერია რა ღირს რაღაცის არ შესრულება. რაღაცას თუ არ შეასრულებ გადაიხადე 10 000, რაღაცას თუ არ შეასრულებ, გადაიხადე 20 000 და ა.შ.
თავდაცვის კოდექსში რომ გვიწერია, რომ არის ჯარში წასვლის ვალდებულება და თუ არ გინდა, გადაიხადე 5000. ამგვარი რაღაც რომ გავაკეთოთ, რომ თუ არ გინდა აქ დარეგისტრირება, იყოს ფასდაკლება და წელიწადში იხდი 50 000-ს და არ რეგისტრირდები. უბრალოდ ყველა რომ ბედნიერი იყოს. ბიუჯეტში ფული შევა, ისინი არ დარეგისტრირდებიან და კონფლიქტი ამოიწურება მე მგონი“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც დეპუტატები აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცებას კენჭს უყრიან.