“როგორც ჩანს, ხელისუფლებას მსხვილი ტენდერების კონტროლი სურს”- რა მიზნით იქმნება ახალი სსიპ-ი?

შესყიდვების მიმართულებით მომუშავე იურისტების ნაწილი სახელმწიფო შესყიდვებში რამდენიმე სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს.

ის, რომ კონსოლიდირებულ ტენდერებს 1 ივნისიდან მთავრობის ადმინისტრაცია ჩაატარებს და არა შესყიდვების სააგენტო, რომელსაც მეტი კვალიფიკაცია და გამოცდილება აქვს, ბადრი ნიაური ამას მსხვილი ტენდერების პოლიტიკური კონტროლის მცდელობად აფასებს.

2026 წლის 1 ივნისიდან იქმნება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც კონსოლიდირებულ ტენდერებს ჩაატარებს. ამასთან, მას შემდეგ, რაც შეიქმნება ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში წინადადების წარდგენისთვის დაწესდება საფასური – 100 ლარის ოდენობით. ამასთან, ამავე თარიღიდან, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებული იქნება, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე აგრეთვე გადაიხადოს თანხა – დასადები შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 1%-ის ოდენობით.

“რატომ არ ჩაატარებს [ტენდერებს] შესყიდვების სააგენტო? რამეში შემჩნეულები ხომ არ არიან?! პერსონებზე არ გადის ეს საკითხი. ბუნებრივია, როგორც ჩანს, ხელისუფლებას სურს დიდი შესყიდვების კონტროლი და კონტროლი დიდი კომპანიების, რომლებიც თუ პროსახელისუფლებოდ არ იქნებიან განწყობილი, მინიმუმ ლოიალურად მაინც უნდა იყვნენ დამოკიდებული. აქვე ობიექტურობისთვის გეტყვით, რომ ბუნებრივია ეს ბიზნესის საქმე არ არის ხელისუფლებასთან ბრძოლა და ამ საკითხებზე საუბარი, ბუნებრივია არავის არ სურს კონფლიქტი ხელისუფლებასთან. ამიტომ ბიზნესი მიჰყვება ამ დინებას, მაგრამ ჩვენ, ექსპერტები და ადვოკატები, ბუნებრივია ვალდებული ვართ, რომ ხმა ამოვიღოთ მათ ნაცვლად.

პირველ რიგში შესყიდვების სააგენტო უფრო მეტად მოქნილი ინსტიტუციაა, რადგან პირველ რიგში აქვს ინსტიტუციური მეხსიერება, მეორე — ჰყავს კვალიფიციური კადრები, მესამე ის, რომ მისი ვალდებულება არის მონიტორინგი. მას შეუძლია საკანონმდებლო აქტები გამოსცეს. ახლა იცვლება ის, რომ თუ შესყიდვების სააგენტოში პირობითად ბადრი ნიაური მუშაობს, ახლა მთავრობის ადმინისტრაციაში ვინმე გიორგი გააკეთებს ამ საქმეს, მაგრამ შედარებით უფრო ნაკლები ხარისხით და, ასე ვთქვათ, ახალი შეცდომებით, რადგან შესყიდვების სააგენტოს ნამდვილად აქვს ე.წ ბექგრაუნდი”,- აცახდებს ბადრი ნიაური.

იურისტი ასევე მიიჩნევს, რომ თეთრი სია არაეფექტურია და მხოლოდ სახელისუფლებო კომპანიებზეა გათვლილი. შავ სიასთან დაკავშირებით მექანიზმის გამკაცრება კი კომპანიების პოლიტიკური ნიშნით გადაჯგუფების მცდელობაა. ნიაური ასევე აკრიტიკებს ბაზრის კვლევის ელექტრონულ მოდულს და ასევე ამბობს, რომ კომპანიებს მცირე დარღვევებზეც კი მილიონობით ლარის ჯარიმას აკისრებენ, რაც მეტი არაფერია, თუ არა სახელმწიფო რეკეტი.

“სავალალო პრაქტიკა და კატასტროფაა, როდესაც ტენდერებში წყვეტენ ხელშეკრულებას შემსყიდველები და შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოებს აკისრებენ კომპანიებს. მაგალითისთვის, 3-მილიონიან ტენდერში 1 300 000-ია ჯარიმა, 5-მილიონიან ტენდერში 1 300 000-ია ჯარიმა. ბუნებრივია ამ თანხების ამოღება შეუძლებელია, იმიტომ რომ ასეთი კომპანიები უბრალოდ იხურებიან და სწორედ იმ შავ სიაში მიემართებიან…

ეს არის სახელმწიფო დონეზე გარკვეული „ნოუჰაუ“, ნამდვილად რეკეტი. თუ გვახსოვს ძველი დრო, როდესაც პროკურატურა ეძახდა ბიზნესებს, ახლა არავინ ეძახის ბიზნესებს, პირდაპირ აკისრებენ სამოქალაქო ბრუნვის ფარგლებში შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოებს”,-ამბობს ნიაური.