როგორც ჩანს, ენმ-ს ალიანსიდან გასვლაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს – ჯაფარიძე

გირჩი – მეტი თავისუფლების თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, “ცარიელ ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი” განცდას უტოვებს, რომ როგოც ჩანს ენმ-ს ალიანსიდან გასვლაზე გადაწყვეტილება აქვს მიღებული.
“ბოლო სტატუსები და კომენტარები რაც წავიკითხე, არამხოლოდ მიშასი, არამედ ენმ-ს რამდენიმე სხვა ლიდერისაც, ჩემი განცდაა, რომ როგორც ჩანს, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, რომ გასვლას აპირებენ ალიანსიდან, დანარჩენი ყველაფერი ჩემი აზრით ხმაურია. დღეს რაც წავიკითხე და რაც მოვისმინე ეგ განცდა დამრჩა, პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია.
არ მგონია, რომ სწორი ნაბიჯი იყოს, არც ის მგონია სწორი, რაც ახლა ხდება, მათ შორის ის კომენტარები და ტექსტები რაც წავიკითხე. თუმცა მეორე მხარესაც, რომ თითქოს ეს კიდევ უფრო დააზიანებს პროცესს და ხალხი ნიჰილიზმში ჩავარდება, მაგისაც არ მჯერა.
სამწუხარო ნაბიჯი იქნება თუ ეს მოხდება, ეჭვი არ მეპარება, რომ თუ გესმის რა რეალობაში ვართ, რომ აქედან გამოსავალი მარტო ძალების გაერთიანებაშია”. – თქვა ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში.
კომენტარის გაკეთებისაგან თავის შეკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის რეპლიკაზე ჯაფარიძემ თქვა, რომ ალიანსის წევრებსა და ალიანსს ბევრ შემთხვევაში კომენტარი არ გაუკეთებია, მათ შორის ზემოთქმულ განცხადებაზე – “ალიანსმა გააკეთა კომენტარი მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როცა თავდასხმა იყო კონკრეტულად ნიკა მელიაზე, ალიანსის წევრი ერთ-ერთი პარტიის პოლიტიკურ ლიდერზე, რომელიც თვითონაც იმყოფება პატიმრობაში. მარტო იმ შემთხვევაში იყო რეაგირება ალიანისის მხრიდან, რომ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკურ ლიდერზე იყო საუბარი. ალიანსი არის კონკრეტული შეთანხმების გარშემო პარტიების ერთობა და იმ შეთანხმებაში ძალიან კონკრეტულად და გასაგებად წერია, რა არის თანამშრომლობის ჩარჩოები, ასევე გაწერილია ქცევის წესები”.
ჟურნალისტის შეკითხვაზე: “თქვენ გექნებათ დარწმუენბის მცდელობა, რომ არ მიიღონ ეს გადაწყვეტილება?” ჯაფარიძემ უპასუხა:
“მე არ მექნება არანაირი მცდელობა. მე ბევრი დრო და ენერგია დავხარჯე იმაზე, რომ როდესაც ეს ალიანსი შეიქმნა, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობაც იქ ყოფილიყო. კომუიკაცია მექნება, მცდელობა არა, ალიანსი არ არის იძულებითი, ნებაყოფლობითი გაერთიანებაა და თუ რომელიღაც პარტიას და პარტიის ლიდერებს არ უნდათ, რომ მათი პარტია იყოს ამ გაერთიანების წევრი. მე არ მექნება მცდელობა, არავის არაფერში დარწმუნებას არ ვაპირებ, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ როცა ალიანსი იქმნებოდა მე პირადად მაქვს დახარჯული ბევრი ენერგია, რომ ისეთი შეთანხმება ყოფილიყო, სადაც ენმ-ც მაგის ნაწილი იქნებოდა”. – თქვა ჯაფარიძემ.
ექსპრეზიდენტი 18 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობდა, რომ “2024 წელს ერთმა არცთუ უნიჭო და ენერგიულმა პოლიტიკოსმა, რომელიც სულ ცდილობდა ახალი მიშა გამხდარიყო, ოღონდ მიშას დაგმობის ხარჯზე, ძალიან ბევრი იარა რეგიონებში ამ ლოზუნგით და თითქმის ვერაფერს ვერ მიაღწია და ეს უნდა იყოს გაკვეთილი”.
20 აპრილს ოპოზიციის ალიანსში შემავალი 8 პარტია სააკაშვილის მიერ საჯარო განცხადებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად.
მოვუწოდებთ ყველა მონაწილე პარტიას, იყოს აღებული ვალდებულებების ერთგული – ალიანსის 8 პარტია
22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში კიდევ 2 პოსტი გამოაქვეყნა კოალიცია ცვლილებისთვის წევრებზე ნოდარ ჩაჩანიძესა და გიგა ლემონჯავაზე. ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში კი, ენმ-ს ერთ-ერთი წევრი, ანა წითლიძე წერდა, რომ მიაჩნია რომ ენმ-მ ალიანსი უნდა დატოვოს.