„როგორც ჩანს, ეკონომიკური კრიზისი უკვე დაწყებულია“ – გიგა ბედინეიშვილი საბიუჯეტო გადასახადების შემცირებაზე

2025 წლის იანვარ-თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გადასახადების ნაწილი კლებას აჩვენებს. ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 35%-ით არის შემცირებული ქონების გადასახადი. 2024 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში ქონების გადასახადებით 10.7 მლნ ლარზე მეტი შევიდა. 2025 წლის ამავე პერიოდში კი 6.958 მლნ ლარზე მეტი. 22%-იან კლებას აჩვენებს აქციზის გადასახადი. 2025 წლის ორ თვეში აქციზიდან ბიუჯეტში 258 მლნ ლარზე მეტი შევიდა. ეს მაჩვენებელი 2024 წლის იმავე პერიოდში 333 მლნ ლარს აჭარბებდა. 7%-ით არის შემცირებული იმპორტის გადასახადი, რომელიც გასულ წელს 21 მილიონ ლარს აჭარბებდა, წელს იანვარ-თებერვალში კი 19.52 მლნ ლარს აღემატება.
საბიუჯეტო გადასახადების კლებას ეკონომიკური აქტივობის შემცირებით ხსნის ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი. ,,კომერსანტთან“ საუბარში ის აღნიშნავს, რომ აქციზის გადასახადის შემცირება მოხმარების კლებას უკავშირდება. მისივე შეფასებით, უძრავი ქონების ბაზარზე მკვეთრი შენელება ფიქსირდება, რაც უძრავი ქონების გადასახადის მნიშვნელოვან კლებაში აისახა.
,,როცა ასეთი მნიშვნელოვანი შემცირებებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვერანაირ სხვა ახსნას ვერ ვპოულობ გარდა იმისა, რომ ძალიან შემცირებულია ეკონომიკური აქტივობა. მოხმარების მკვეთრ შემცირებას აჩვენებს აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხების შემცირება. როგორც ჩანს უძრავი ქონების ბაზრის მკვეთრი შენელება გვაქვს. სხვა ახსნა მე არ მაქვს. ეს ყველაფერი ერთად მიანიშნებს საკმაოდ შენელებულ ეკონომიკურ აქტივობაზე. მით უფრო გასაკვირია ის, რაღაც დიდი ეკონომიკური ზრდის შედეგი, რომელიც იანვარში აჩვენეს და კიდევ უფრო დამადასტურებელია, რომ ეს რაღაც მანიპულაცია იყო. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ეს (იანვრის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი) დაკავშირებული იყო რაღაც ერთჯერად, უცნაურ ტრანზაქციებთან. დაემთხვა, რომ ეს იყო თვე, როდესაც ივანიშვილმა თავისი ინტერესები ოფშორებიდან გადმოიტანა საქართველოში. ერთი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია, რომ გვაქვს საქმე მკვეთრად შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობასთან, რომლის ნიშნებსაც ვხედავთ კიდევაც. მირჩევნია მონაცემებს დაველოდო. სამწუხაროდ მონაცემების პატიოსან ანალიზს ფინანსთა სამინისტრო და საგადასახადო არ გვაძლევს და ცდილობს, რომ რაღაც შეფუთოს, მიფუთოს, გაუმჭვირვალედ და მანიპულაციურად აგვიხსნას ყველაფერი. ამ დროს მათ აქვთ ეს ინფორმაცია ხელთ და ჩვენ ცოტა ვარაუდების დონეზე შეგვიძლია საუბარი, მაგრამ, მთლიანად თუ შევხედავთ ამ ყველაფერს რაც გამოიკვეთა მონაცემებში, ეს აშკარად მიანიშნებს მკვეთრად შენელებულ ეკონომიკურ აქტივობაზე წლის პირველი 2 თვის განმავლობაში.”- აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.
ეკონომისტი საბიუჯეტო გადასახადების შემცირების მიზეზად ს შემდეგ ქვეყანაში შეიქმნის პოლიტიკურ კრიზისს ასახელებს. გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ არსებული მონაცემები ეკონომიკური კრიზისის დასაწყისის მანიშნებელია, რასაც უმუშევრობის დონის ზრდა და შემოსავლების შემცირება მოჰყვება.
,,როგორც ჩანს, ეკონომიკური კრიზისი უკვე დაწყებულია. პოლიტიკურ კრიზისთან არის ეს კავშირში. მთავრობის ლეგიტიმაციის ნაკლებობასთან არის ეს კავშირში. შესაბამისად, არის პოლიტიკურ გაურკვევლობასთან დაკავშირებული. სამწუხაროდ, ამას მოჰყვება გაზრდილი უმუშევრობა, სამუშაო ადგილების დაკარგვა და შემოსავლების შემცირება. ეს იქნება, რაც ამას აუცილებლად მოჰყვება. აშკარად, მოხმარებაშიც სერიოზული შემცირება გვაქვს. ამაზე მეტყველებს აქციზის ამხელა ვარდნა. როგორც ჩანს, ზოგიერთ სექტორშიც, განსაკუთრებით უძრავი ქონების სექტორში ასევე შემცირება და შენელება გვაქვს. ეს ყველაფერი შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს და უმუშევრობას. დროზე თუ არ მივხედეთ ამ საქმეს მერე უკვე ფინანსური სტაბილურობის პრობლემები დადგება ქვეყანაში.”- აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.