როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პოლიტიკური პროცესები, ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ – გიორგი აბრამიშვილი

” პროტესტის დღეებში შევხვდი უამრავ ჯგუფს, რომლებიც თვითორგანიზებით ცდილობდნენ საკუთარი წვლილის შეტანას დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში, Free Business Georgia ამის ნათელი მაგალითია”, – წერს სოციალურ ქსელში Energy Solutions-ის ხელმძღვანელი, გიორგი აბრამიშვილი.
მისი შეფასებით, საზოგადოებამ დაამტკიცა, რომ სამაგალითოდ ერთგულია ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების და როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პოლიტიკური პროცესები, ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ.
“ახალი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების მოწმეები ვართ საქართველოში
ძალიან სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სულ ცოტა ოთხჯერ მოგვიწია ქართველებს ქუჩაში გამოსვლა და სამთავრობო კლანის წინააღმდეგ ბრძოლა — ბრძოლა უკეთესი, სამართლიანი, თანასწორუფლებიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად. ყოველ ჯერზე გვჯეროდა, რომ აი, ეს არის ის ნამდვილი ლიდერი, ვინც გადაგვარჩენს, თუმცა ყოველ ჯერზე გაწბილებულები ვრჩებოდით.
მაგრამ, ვფიქრობ, მთავარი ამ ბრძოლებში იყო ჩვენი საზოგადოების თითოეული ნაბიჯი მომწიფებისკენ — ნამდვილ დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად. ეს არის საზოგადოება, რომელიც არა მარტო ლიდერზე იქნება დამოკიდებული, არამედ თავად იქნება პასუხისმგებელი ცვლილებების ინიცირებასა და ქვეყნის განვითარების სწორ გზაზე დაყენებაზე.
ახალი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება არ ნიშნავს მხოლოდ მთავრობის ან ლიდერების შეცვლას. ეს არის ღრმა ტრანსფორმაცია, რომელიც გულისხმობს თითოეული მოქალაქის აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში.
დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოება მოიცავს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების პატივისცემას, გამჭვირვალე მმართველობას და თანასწორობის პრინციპებს. ეს არ არის მარტივი გზა, თუმცა ქართველმა ხალხმა უკვე დაამტკიცა, რომ მზადაა წინსვლისთვის და უკეთესი მომავლისთვის.
დღეს აუცილებელია მეტი ყურადღების მიქცევა განათლებაზე, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და სამოქალაქო ცნობიერების გაღრმავებაზე. მხოლოდ მაშინ, როცა თითოეული მოქალაქე გაიაზრებს თავის როლსა და პასუხისმგებლობას დემოკრატიულ პროცესებში, საქართველო შეძლებს გახდეს საზოგადოების ნამდვილი ძალით დამყარებული, თავისუფალი და სამართლიანი სახელმწიფო.
ჩვენი მომავალი აღარ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ ლიდერზე ან პოლიტიკურ ჯგუფზე. ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, სადაც ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებული იქნება ემსახუროს ხალხს და არა პირიქით. ეს იქნება ნამდვილი დემოკრატიისა და ინკლუზიური საზოგადოების გამარჯვება.
დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ სწორედ ასეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას. პროტესტის დღეებში შევხვდი უამრავ ჯგუფს, რომლებიც თვითორგანიზებით ცდილობდნენ საკუთარი წვლილის შეტანას დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში, Free Business Georgia ამის ნათელი მაგალითია. ეს ყველაფერი განსაკუთრებულ სიხარულს მგვრის.
როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პოლიტიკური პროცესები, ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ. ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ დაამტკიცა, რომ სამაგალითოდ ერთგულია ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების.
ვისურვებდი რომ ამ გზას არ გადაუხვიოთ და არცერთი პიროვნების თუ ლიდერის გაფეტიშება აღარ მოვახდინოთ”, – წერს გიორგი აბრამიშვილი.