თბილისში, სადგურის მოედანზე, საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ჩამონგრევას 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შემთხვევა 14 ივლისს, მაშინ, მოხდა, როცა აღნიშნული ტერიტორია მოვაჭრეებითა და ქუჩაში მოსიარულე ხალხით დატვირთული იყო.
ინციდენტიდან მალევე, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ განაცხადა, რომ შენობა მე-3 კატეგორიის ავარიულ ნაგებობად იყო შეფასებული, რაც მოსახლეების იძულებით გაყვანას, ან პერიმეტრის შემოღობვას არ გულისხმობს.
მისივე ინფორმაციით, ჩამონგრეული შენობა 50-იან წლებში აშენდა, რა დროსაც რკინა-ბეტონის კონსტრუქციები არ გამოიყენებოდა.
კომპანია „არსის“ დამფუძნებლის, ირაკლი როსტომაშვილის შეფასებით, ავარიული სახლების პრობლემა თბილისში ათწლეულებს ითვლის.
როგორც როსტომაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, უსაფრთხო საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად შენობების ტექნიკური პასპორტიზაცია უალტერნატივოა.
„თბილისში ავარიული შენობების პრობლემა, რამდენიმე ათეულ წელს ითვლის, ეს რეალობა ახლა არ დამდგარა. არ მინდა, მოსახლეობა შევაშინო, მაგრამ ვალდებული ვარ ვთქვა, რომ ცხოვრებისთვის საშიშია 90-იან წლებიდან არსებულ ე.წ მიშენებებში. არავინ იცის, რა ჩამოიშლება და ვერავინ გააკეთებს ამის პროგნოზს.
როგორც მანქანებს აქვს ტექნიკური პასპორტი, ისე უნდა ჰქონდეს ყველა შენობას, ეს აუცილებელია. როცა გარკვეული იქნება, რომელ შენობას რა პრობლემა და ხარვეზი აქვს, ამის ანალიზის საფუძველზე უნდა დადგინდეს, დაინგრეს შენობა, გამაგრდეს თუ რა მოხდეს.
ამ საქმეზე მუშაობა, 2008 წელს დავიწყეთ, თუმცა მაშინ არასაკმარისი ბიუჯეტის გამო წინ ვერ წავედით. იქამდე შენობების კატეგორია: I კატეგორია, II კატეგორია(…) და სხვა არ არსებობდ
ამ საკითხზე მუშაობა თბილისის მასშტაბით მუდმივად უნდა ხდებოდეს, უნდა მოხდეს ყველა შენობის პასპორტიზაცია.
1992 წლამდე ნაშენი შენობები დღევანდელ სტანდარტსა არ აკმაყოფილებს“,- აღნიშნა კომპანია „არსის“ დამფუძნებელმა, ირაკლი როსტომაშვილმა.
