მიუხედავად იმისა, თუ როგორ გვიჩვენებენ ფილმებში, დიდი ალბათობით, დინოზავრები მსხვერპლს ღრიალით არ მისდევდნენ. საუკეთესოდ შემონახული ხორხის ნამარხზე დაყრდნობით ირკვევა, რომ სავარაუდოდ, ისინი უფრო ჩიტებივით ჭყიოდნენ.
ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევართა ჯგუფმა დინოზავრის ახალი სახეობის თითქმის სრული ჩონჩხი აღმოაჩინა.
72 სმ სიგრძის ორფეხიან ბალახისმჭამელს Pulaosaurus qinglong-ი უწოდეს ჩინური მითოლოგიის პერსონაჟის, დრაკონ პულაოს გამო, რომელიც როგორც გადმოცემა ამბობს, ხმამაღლა ღრიალებდა.
ეს მეტსახელი შემთხვევით არ უწოდებიათ — პულაოზავრი ერთ-ერთი იმ რამდენიმე დინოზავრთაგანია, რომელთა ხმის შესახებაც გარკვეული წარმოდგენა გვაქვს.
იმიტომ, რომ ნამარხი უკიდურესად კარგად შემონახულია. შემორჩენილია არა მხოლოდ ძვლების უმეტესობა, არამედ სხეულის ის ნაწილების, რომლებსაც როგორც წესი, მეცნიერები ხშირად ვერ პოულობენ — მათ შორის ხორხის სტრუქტურები. ნაწლავებში სავარაუდოდ შემორჩენილია მისი ბოლო „სადილის“ ნარჩენებიც.
მკვლევართა განცხადებით, ხორხის ხრტილოვანი, ფოთლის ფორმის სტრუქტურები ძლიერ ჰგავს თანამედროვე ფრინველებისას, რაც მიუთითებს, რომ პულაოზავრი კომუნიკაციას შეიძლება ამყარებდა კომპლექსური ჭყივილითა და დაძახილებით. სამწუხაროდ, ამ ხმის რეპროდუქცია უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება.
„პულაოზავრის ყბის შეკუმშვის გამო, უცნობია ქვედა ყბის ზუსტი სიგანე, შესაბამისად, ვერ მოხერხდება აკუსტიკური გაანგარიშებები“, — წერენ მკვლევრები.
