„როგორი უხერხული მოსასმენია ამბიონიდან „მოძღვრის ქადაგება“, რომელიც წირვის შემდეგ ასიათას დოლარიან ჯიპს მოახტება, მანამდე კი, ნასესხები ფულით ტაძარში მისულ ადამიანს მოძღვრავს“ – პეტრე კოლხი
„ქონებრივი უთანასწორობა, ეკლესიის უმთავრესი პრობლემა… მრავალშვილიანი მღვდლები, სიღარიბის ზღვარს მიღმა, გაზულუქებული, მრევლის, შემომწირველების ხარჯზე გამდიდრებული ბერები… როგორი უხერხული საყურებელი და მოსასმენია ამბიონიდან ,,მოძღვრის ქადაგება”, რომელიც წირვის შემდეგ ასიათას დოლარიან ჯიპს მოახტება, მანამდე კი, ნასესხები ფულით ტაძარში მისულ ადამიანს მოძღვრავს, თუ როგორ უნდა დაითმინოს სიღარიბე და როგორ უნდა დაბრმავდეს, დაყრუვდეს და დაჩლუნგდეს, მდიდარი მამაო რომ არ განიკითხოს, რადგან ეს აცხონებს…“, – ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხი აქვეყნებს.
როგორც პეტრე კოლხი წერს, „სირცხვილია ამდენი სიბნელე და ფსკერისკენ დაშვება… ეს მდგომარეობა ყველას ერთად ჩაგვიტანს. ამ სიტუაციაში არავინ დარჩება გამარჯვებული…“
„ასეთი ბოდვა არ მაღიზიანებს, მაგრამ ის დაშტერებული მასა მაგიჟებს, ვისაც ამ ბოდვის მართლა სჯერა…
ზოგიერთი ვითომ მონაზვნის გაზიარებული კიდევ ერთი ნაბოდვარის არ იყოს, თურმე ისე უნდა გვეშინოდეს ეპისკოპოსის, როგორც ღმერთის… ამ ფაშისტური მოძღვრებით დააზომბირეს ადამიანები და მათი უტვინობით ხელებს ითბობენ…
არ დაიჯეროთ ხალხო, არც ღმერთის შეგეშინდეთ და არც მითუმეტეს ეპისკოპოსის…
ზოგიერთი მშობლის მეთოდი გამახსენდა მოზარდთან, თუ არ დაიძინებ, აუა მოვა და შეგჭამსო… ძალიან კომიკურია ამ ყველაფრის გაანალიზება…
ეპისკოპოსი იქით კი არ უნდა ითხოვდეს მსახურებას, აქეთ უნდა ემსახურებოდეს ადამიანს… ეპისკოპოსმა თავად უნდა მომცეს თავმდაბლობის და უპოვარების მაგალითი…
ერთი მღვდელი ავტომობილიდან მესაუბრებოდა, შენი სათვალეებით ხალხს აბრკოლებო, ოღონდ ჩემი სათვალის ფასი, მის ავტომობილს ერთი საბურავი ჰქონდა!…
სირცხვილია ამდენი სიბნელე და ფსკერისკენ დაშვება… ეს მდგომარეობა ყველას ერთად ჩაგვიტანს. ამ სიტუაციაში არავინ დარჩება გამარჯვებული…
ხალხო, აზრზე მოდით, გონს მოეგეთ, ისევ თქვენთვის აჯობებს!..“, – წერს პეტრე კოლხი.