2025 წელს ლარმა გაცვლითი კურსის სტაბილურობა შეინარჩუნა და მეტიც – აშშ დოლართან მიმართებით 4%-ით, ანუ 11.75 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარი 2.6963 ლარი ღირს. თუმცა, დოლარისგან განსხვავებით, ლარი მთელი 7%-ით, ანუ 23.5 თეთრით გაუფასურდა ევროსთან (კურსი 3.1646 ლარი), რაც თავის მხრივ ევროს გამყარებასთან არის დაკავშირებული, რადგანაც თუკი გასულ წელს ერთი ევრო 1.05 დოლარი ღირდა, ამჟამად ევროს ღირებულება 1.19 დოლარს შეადგენს, დოლარი კი ძირითად ვალუტებთან მიმართებით პირიქით გაუფასურდა. წელს ლარი 9.4 თეთრით, 3.62 ლარამდე გაუფასურდა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რაც 3%-იანი გაუფასურებაა.
ლარი 27%-ით გამყარდა წელს თურქულ ლირასთან, რის შედეგადაც ერთი ლირას ღირებულება 6.28 თეთრს შეადგენს. აღნიშნული გამყარება მეტწილად თავად ლირას რეკორდული გაუფასურებით არის განპირობებული. პირიქით, 22%-ით გაუფასურდა ეროვნული ვალუტა რუსულ რუბლთან, შედეგად 100 რუსული რუბლის ღირებულება 73 თეთრით გაიზარდა და 3.31 ლარს შეადგენს.
აზერბაიჯანულ მანათთან ლარი 4%-ით გამყარდა, სომხურ დრამთან კი გამყარებამ 1% შეადგინა. რაც შეეხება აზიურ ვალუტებს, ჩინურ იუანთან ლარი თითქმის უცვლელი დარჩა და 10 იუანის ღირებულება 3.86 ლარი. იაპონურ იენთან კი ლარი 4%-ით გამყარდა, შედეგად 100 იაპონური იენის ღირებულება 1.72 ლარი გახდა.




