გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის საკმაოდ მდორე აღმოჩნდა. Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსების ღირებულება საშუალოდ 0.5%-ით გაიზარდა.
ევროკავშირის მასშტაბით ვითარება პოზიტიური იყო, რადგან STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი, რომელიც უმსხვილეს ევროპულ კომპანიებს აერთიანებს, 2.5%-ით გაიზარდა.
არასახარბიელო შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც ერთ კვირაში 3%-ით დაეცა.
რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 81 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 80 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 3.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 77 დოლარის ფარგლებშია, ერთ კვირაში მატება 8%-ია.
ბუნებრივი აირის შემთხვევაში, ევროკავშირის მასშტაბით მეგავატი/საათი ენერგიის ფასი 46 ევროს ფარგლებში მერყეობს, რაც 1.5%-იან ზრდას წარმოადგენს.
ბოლოს კი ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, რომლის ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 1%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ფასმა 2,710 დოლარი შეადგინა.
bm.ge