როგორი იქნებოდა საავადმყოფოები მიგრანტების გარეშე? – სამედიცინო პერსონალი მოსახლეობას მიმართავს

„როგორი იქნებოდა ჩვენი საავადმყოფო მიგრაციის გარეშე?“ – ამ კითხვით იწყება რამდენიმე ვიდეო, რომლებიც გერმანიის სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მედიცინის უამრავი მუშაკი შეშფოთებულია ბოლო საპარლამენტო ს შედეგებით, რადგან ამ არჩევნებში გამარჯვება „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“/„ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CDU-CSU) გაერთიანებამ, ანუ კონსერვატორულმა ძალამ მოიპოვა, მეორე ადგილზე კი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერანტივა გერმანიისთვის (AfD) გავიდა. მიგრანტების მიმართ მტრული დამოკიდებულება იზრდება. თუმცა ბევრი საავადმყოფო, კადრების ნაკლებობის გამო, პაციენტების ნაკადის მართვას მათ გარეშე ვერ შეძლებდა.
დარმშტადტის საავადმყოფოს მიერ 14 თებერვალს გამოქვეყნებული ეს ვიდეო დიდი პოპულარობით სარგებლობს: მას ექვს მილიონზე მეტი ნახვა და 700 000-ზე მეტი მოწონება აქვს. ვიდეო ასახავს რეალობას, რომელიც დღეს მრავალ გერმანულ საავადმყოფოში არსებობს – სამედიცინო პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი იმიგრანტია. ამის საილუსტრაციოდ, სამედიცინო პერსონალის ნაწილი, რომელსაც, როგორც ჩანს, მიგრანტები შეადგენენ, ვიდეოკადრიდან გადის. მათ გარეშე, კადრში პერსონალის ნახევარზე ნაკლები რჩება (იგულისხმებიან გერმანული წარმოშობის თანამშრომლები). შემდეგ ყველა ბრუნდება ვიდეოკადრში, რომელზეც გერმანულად წერია:
„ჩვენ სხვადასხვანაირები და სხვადასხვა ფერისანი ვართ. მიგრანტები ჩვენი საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი საზოგადოების ფორმირება გვინდა. თუ 23 თებერვალს არჩევნებზე მიდიხარ, აირჩიე ჰუმანურობა“.
რამდენიმე სხვა ექაუნთმაც გამოაქვეყნა მსგავსი ვიდეოები, რომლებიც კლინიკებსა და სტომატოლოგიურ კაბინეტებშია გადაღებული.
გერმანული საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალის დაახლოებით 15 პროცენტს ამჟამად უცხოური პასპორტი აქვს და როგორც გერმანიის საავადმყოფოების საზოგადოების პრეზიდენტმა, გერალდ გასმა სააგენტო „ფრანს პრესთან“ საუბრისას აღნიშნა, ბეიბი-ბუმერების თაობის პენსიაზე გასვლასთან ერთად, ეს პროპორცია კიდევ უფრო გაიზრდება.
პერსონალის ნაკლებობის წინაშე მდგარი საავადმყოფოების დირექტორებს სულ უფრო მეტად უწევთ კადრების საზღვარგარეთ მოძიება. აქამდე, სამედიცინო დაწესებულებებს სამთავრობი პროგრამა „Triple Win“-ის იმედად ყოფნა შეეძლოთ. ეს პროგრამა მიზნად ისახავს ექთნების მოზიდვას იმ 7 ქვეყნიდან, სადაც ამ სექტორში კადრების სიჭარბეა. ეს კეთდება მათთვის მიმზიდველი პირობების შეთავაზებით, რომელშიც შედის გერმანული ენის კურსების დაფინანსება, ჩამოსვლისთანავე საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სხვა.
რადგან გერმანია არ არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ამ პრობლემას აწყდება, შესაბამისად, ის არ არის ერთადერთი, რომელიც კადრებს საზღვარგარეთ ეძებს. აქედან გამომდინარე, ამ ვიდეოების გზავნილი აშკარად პოლიტიკურია – სამედიცინო პერსონალი მიმართავს ამომრჩევლებს, რომლებსაც 23 თებერვლის საყოველთაო არჩევნებში უნდა მიეცათ ხმა.
უფრო მკაცრმა მიგრაციულმა პოლიტიკამ, შესაძლოა, ჯანდაცვის სექტორზე სერიოზული გავლენა იქონიოს. ამ სექტორში, ზოგადად, შეშფოთებულნი არიან გერმანიაში მიგრანტების მიმართ მტრული დამოკიდებულების ზრდით, რამაც შეიძლება საექთნო საქმეში დასაქმების პოტენციური უცხოელი კანდიდატები დააფრთხოს.
არჩევნებში კონსერვატორების გამარჯვების შემდეგ, საეჭვოა, მათი შიშები შემცირდეს. ოთხშაბათს საღამოს ოლაფ შოლცთან გამართული ბოლო სატელევიზიო დებატების დროს, მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანელებს მოუწოდა, მიეცათ მისთვის ძლიერი მანდატი „ქვეყნის ორი დიდი პრობლემის – მიგრაციისა და ეკონომიკის – გადასაჭრელად“. და რაც კიდევ უფრო ნიშანდობლივია: იანვრის ბოლოს, მერცი, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდაჭერით, მიგრაციის საწინააღმდეგო კანონპროექტების მიღებას შეეცადა.
მართალია, AfD-სთან გაერთიანებას ფრიდრიხ მერცი ყოველთვის გამორიცხავდა, მაგრამ მან ასევე ღიად თქვა უარი ანგელა მერკელის ცენტრისტულ კურსზე და მანამდე ტაბუდადებულ მემარჯვენეთა გზას დაადგა, რომელიც არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად რადიკალური ზომების გატარებას ითვალისწინებს.
მომავალი აჩვენებს, როგორ პოლიტიკას გაატარებს გერმანიის ახალი მთავრობა. ეს, დიდწილად, იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ იქნებიან კონსერვატორების პარტნიორები. ორშაბათს, ფრიდრიხ მერცმა დიდი მანევრები წამოიწყო თავის სოციალ-დემოკრატ მეტოქეებთან, რომლებიც, თავის მხრივ, გაცილებით ზომიერი მიდგომებით გამოირჩევიან.
წყარო: 1tv.ge