რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ქობულეთში ტყუპ ცათამბჯენს ააშენებენ. ზღვისპირას 8165 კვ.მ. მიწის ფართობზე 40-45-სართულიანი კორპუსების აშენებას კომპანია „ვითიქეი“ გეგმავს.
„ქ. ქობულეთში დავით აღმაშენებლის N285, მდებარე 8165 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე ჩვენს საკუთრებაში არსებული, მიწის ნაკვეთში გვსურს ინიცირება მოვახდინოთ და განვახორციელოთ, მრავალსართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს სასტუმრო/ აპარტამენტებს, კაზინოს, სარელაქსაციო სივრცეებს, კომერციულ ობიექტებს, სავაჭრო ცენტრებს და სხვადასხვა სახის სარესტორნო სივრცეებს“, – განაშენიანების გეგმის განმარტებით ბარათში.
მთავარ კომპლექსს დაეთმობა 76 000 კვადრატული მეტრი, ხოლო დარჩენილი კვადრატობა გადანაწილდება ავტოსადგომსა და კომპლექსის ფუნქციონირებისთვის საჭირო ნაგებობებზე. კომპლექსში 4-5 სართული დაეთმობა კომერციულ და საკონფერენციო სივრცეებს, ხოლო 40-40 სართული – ორ, ტყუპ შენობას, სადაც მოეწყობა სასტუმროსა და აპარტამენტის სტილის ფართობები.
კომპლექსის საერთო სიმაღლე, საპროექტო ნიშნულიდან, დაახლოებით 140-150 მეტრი იქნება. ხოლო მიწის ქვეშ მოეწყობა 2 სართული საპარკინგე ტერიტორია, რომელიც გათვლილი იქნება კომპლექსისთვის. კომპანია კომპლექსის აშენებას 5 წელში გეგმავს.
პროექტთან დაკავშირებით სკრინინგის განცხადებით ქობულეთის მერიამ უკვე მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს. სკრინინგის პროცედურით სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროება უნდა განისაზღვროს დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით.
შპს „ვითიქეი“ საქართველოში 2022 წლის 27 ივლისს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი და 75%-იანი წილის მფლობელი ვაძიმ ბოჰაჩმა, რომელიც ბელარუსის მოქალაქეა. დარჩენილ 25 პროცენტს კი ჯონი დავითაძე ფლობს – მას საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია 2012 წლამდე შპს „კატრის“, შემდეგ კი „საქართველოს ბანკის“ საკუთრებაში იყო. „საქართველოს ბანკისგან“ ნაკვეთი 2022 წელს „ვითიქეიმ“ იყიდა, თუმცა ის დღემდე „საქართველოს ბანკში“ იპოთეკითაა დატვირთული.