მილიარდობით მომხმარებელზე დაკვირვებით, პინტერესტი თამამად გვიზიარებს 2026 წლის ტრენდებს. მით უმეტეს, რომ გასული წლების ტრენდების წარმატებულად პროგნოზირების მაჩვენებელი 88% აქვს… ახლა კი გვეუბნება, რომ მყუდრო ტექსტურები, ხელნაწერები, რომანტიკული ესთეტიკა და ნელი გამოცდილებები ბრუნდება ხმაურიან ციფრულ სამყაროში.
1. Gimme Gummy
ტაქტილურობა აქტუალური ხდება, რადგან თაობა ზეტისა და მილენიალების წარმომადგენლები უპიტრატესობას წელვად, ჟელეს მსგავს ტექსტურებს ანიჭებენ და მას მრავალსენსორულ სათამაშო სივრცედ აქცევენ. ამიტომაც პინტერესტი ელის, რომ მსგავსი მიდრეკილება სილამაზის პროდუქტებსა და აქსესუარებშიც გადმოინაცვლებს და გამოცდილება მთლიანად შეხებასა თუ თამაშზე იქნება ორიენტირებული.
2. FunHaus
მოდაში ცირკით შთაგონებული ინტერიერი შემოდის, რადგან ბუმერებისა და მილენიალების თაობა სულ უფრო ხშირად ეძებს ქანდაკების მსგავს სილუეტებს, ზოლიან ჭერებსა და დეკორს. განწყობა თეატრალურია, თამამი ვიზუალებით, რათა სივრცე გამოანათონ ისე, რომ კარნავალადაც არ გადაიქცნენ.
3. Throwback Kid
ნოსტალგიების გარეშე არ შეგვიძლია, ამიტომაც აქტუალური კვლავ ვინტაჟური სათამაშოები, ძველი საბავშვო ტანსაცმელები და მსგავსი დეტალებია. ჩათვალეთ, რომ ბავშვობის ესთეტიკა თანამედროვე მშობლობის ნაწილად იქცევა.
4. Pen Pals
წერილების წერა კვლავ შემოქმედებით რიტუალად გვევლინება, ხელნაწერი ტექსტებით, სტიკერებითა თუ ფოტოებით.
5. Cabbage Crush
რატომღაც წლის მოულოდნელ ვარსკვლავად კომბოსტო მოგვევლინა… სახლში მომზადებულ საჭმელებსა თუ კოქტეილებში ხშირად ვხვდებით და ასე თითქოს ერთი შეხედვით მოკრძალებული ბოსტნეული სათავგადასავლო პროდუქტად ყალიბდება.
6. Afrohemian Decor
როგორც სახელი გეუბნებათ, აფრიკული ტრადიციებისა და ბოჰემიური სტილის შერწყმაა სახლის დეკორში. აქ ნიგერიული ტექსტილები, ეთიოპიური ნამუშევრები და ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული ავეჯი გვხვდება.
7. Glamoratti
1980-იანი წლებიც ბრუნდება სტრუქტურიზებული სამოსით, ყელსაბამებითა და დიდი მეტალის აქსესუარებით. თაობა ზეტისა და მილენიალების წარმომადგენლებიც მიჰყვებიან მაქსიმალიზმის ამ ტალღას, რადგან ჩამოთვლილი ნივთები თვითგამოხატვისთვის კარგ საშუალებად მიაჩნიათ.
8. Poetcore
ლიტერატურული განწყობაც აქვეა, მომხმარებლები სულ უფრო ანიჭებენ პრიორიტეტს ვინტაჟურ პიჯაკებს, რბილ ნაქსოვ ტანსაცმელსა და ფუნქციურ ჩანთებს — აქცენტი თვითგამოხატვის უფრო მშვიდ ფორმებზე კეთდება.
9. Khaki Coded
სამხედრო მაისურები, განიერი შორტები და ბუნების ტონალობები გვხვდება. პალეონტოლოგიურ სტილს ესადაგება და პრაქტიკულობას მოგზაურობას უსადაგებს.
10. Neo Deco
ჩათვალეთ, რომ არტ დეკოს თანამედროვე ინტერპრეტაციაა ქრომებით, გეომეტრიული ფორმებითა და ბრჭყვიალა სამკაულებით შეფერილი აქცენტებით.
11. Glitchy Glam
არასრულყოფილი სილამაზეა, ტუჩსაცხი ორ ტონში, ფრჩხილის ლაქი, რომელიც ერთმანეთს სულაც არ ესადაგება და ასიმეტრიული ვარცხნილობები. ასე კი სიზუსტისა და იდეალურობისგან გადახვევას გვთავაზობს.
12. Brooched
სამკაულებს კაცების სამოსის განუყოფელ ნაწილად აქცევენ. ვინტაჟური საკინძეები და კრისტალის მსგავსი აქცენტები პიჯაკებზე, მაისურებსა და აქსესუარებზე ჩნდება, რითაც სენტიმენტებსაც აღვიძებს.
13. Laced Up
მაქმანები ტრადიციულ კონტექსტს სცილდება და თანამედროვეობაში გადმოდის, გარდერობებსა და აქსესუარებში, ამიტომაც მომავალ წელს ტელეფონის ქეისები ნაქსოვი ელემენტებით, მაქმანებიანი ქურთუკები და მსგავსი აქსესუარები ჩვეულებრივი ამბავი იქნება.
14. Scent Stacking
სუნი კი ცალკე ამბავია — ახალგაზრდები უპირატესობას მათ მიერ შექმნილ ზეთების, სუნამოებისა და დამატებითი ნოტების ნაზავს მიანიჭებენ.
15. Vamp Romantic
გოთიკური სტილიც ელეგანტური ხდება, ამიტომაც ბრჭყვიალა მუქი ფრჩხილებისთვის და ვამპირული ვიზუალებისთვის მოემზადეთ.
16. Cool Blue
ხოლო მოდის, სილამაზისა და სახლის დეკორის სფეროებში ცივი ფერთა პალიტრა შემოდის, ყინულისფერი ლურჯი აქცენტებით.
17. Wilderkind
არც ცხოველებით შთაგონებული ესთეტიკა რჩება ყურადღების მიღმა, თუმცა აქ უპირატესობა უფრო მოკრძალებულ ტრანსფორმაციებს ენიჭება და არა, კოსტიუმებით გამოხატულ ხასიათს.
18. Extra Celestial
კოსმოსის თემატიკა კი აქტუალური მაკიაჟში, დეკორსა და სილუეტებში იქნება, ჰოლოგრაფიული დასრულებებით, რომლებიც ნაზი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს გააღვიძებს.
19. Opera Aesthetic
შეკრებები მეტად თეატრალური ხდება, მასკარადით შთაგონებული ელემენტებით, ვარდებითა და გამომხატველობითი ქსოვილებით. იგი კლასიკურ სასცენო დრამას ემსგავსება ვინტაჟური ელფერით.
20. Mystic Outlands
მოგზაურობის ადგილები კი უფრო იდუმალი პეიზაჟების, ანტიკური ადგილებისა და ატმოსფერული ტყეებისკენ გადაიწევს. პინტერესტი მზარდ ინტერესს ხედავს ისეთი ადგილებისადმი, რომლებიც სიურრეალისტური, საოცნებო მახასიათებლებითაა სავსე.
21. Darecations
დაბოლოს, თავგადასავლებით დატვირთული სადღესასწაულო სეზონი ახალგაზრდა მომხმარებლების სამოგზაურო გეგმებში დომინირებს, იქნება ეს მდინარეზე ჯომარდობა თუ საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები. აქ ხაზი ადრენალინისკენ სწრაფვაზეა გასმული, როგორც ემოციური გადატვირთვის ფორმაზე.
პინტერესტის 2026 წლის ტრენდების სრული მოხსენების ნახვას ამ ბმულზე შეძლებთ.




