როგორი იქნება სპორტული დარბაზი ქარელის ერთ-ერთ სოფელში, რომლის ასაშენებლადაც 6 მილიონის დახარჯვა იგეგმება

ქარელში, სოფელ ბრეთის მეურნეობაში სპორტული დარბაზის ასაშენებლად 6 მილიონი დაიხარჯება. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ შესაბამისი ტენდერი 18 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 048 860 ლარია.
ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად შენობა უნდა განთავსდეს 3344 კვ/მ ფართის მიწის ნაკვეთზე. განაშენიანების ფართი 3548 კვ/მ. შენობა ორსართულიანი უნდა იყოს, რომლის პირველ სართულზე განთავსებული იქნება სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები, საშხაპეები და სველი წერტილები, ასევე სამედიცინო ოთახი, სასტუმროს მისაღები, სამუშაო ოთახები და საჭიდაო დარბაზი. მეორე სართულზე კი იქნება სასადილო სივრცე და სასტუმროს ნომრები, ასევე ანტრესოლი, რომელიც გადაჰყურებს პირველ სართულზე განთავსებულ საჭიდაო დარბაზს.
სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 13 თვე, საგარანტიო ვადა კი 5 წელი.
2021 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 8 375 344 ლარის ოდენობისა.

ასევე დაგაინტერესებთ