როგორი იქნება თელავის აეროპორტის ტერმინალი – ფოტოები

თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის შესახებ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე კომპანიასთან ხელშეკრულების მომხადება მიმდიანრეობს.
ტენდერში წინადადებების მიღება 23-28 დეკემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. შესყიდვის ღირებულება 296 000 ლარია.
ტენდერში მონაწილეობა მიიღო 13 პრეტენდენტმა, კერძოდ: შპს „მეტრიკ“, შპს „ქალაქპროექტი“, შპს „ბაუ დიზაინი“, შპს „გეოანალიტიკა“, შპს „აპექს სტუდიო 1“, შპს „კარკასი“, შპს „Georgianhouse“, შპს „დეფანი“, შპს „ხმალაძე არქიტექტორები“, შპს „მეგავატ.ჯი“, შპს „არქიტეკი“, შპსს „ვოლ“, შპს „ნს სტუდიო“.

რა წერია შპს „ხმალაძე არქიტექტორების“ მიერ შეთავაზებულ კონცეფციაში:

სივრცითი გადაწყვეტა
საპროექტო შენობის მდებარეობამ, მის ირგვლივ არსებულმა გარემომ და ხედვის არეალებმა გვიკარნახა იმგვარი სივრცითი მოწყობის გადაწყვეტა, სადაც ძირითადი საერთო სარგებლობის სივრცეები (ჰოლი, ჩასხდომის და მოფრენის დარბაზები) ტერმინალის პერიმეტრზეა ორგანიზებული და ვიზუალურად გახსნილი ხედების და ასევე ერთმანეთის მიმართ. მათი მინის ტიხრებით ერთმანეთისგან ამგვარი გამიჯვნა იძლევა ერთიანი, მოქნილი სივრცის შექმნის საშუალებას, რომლის ადვილად რეორგანიზება და ადაპტირება შეიძლება მომავალში საჭიროების შემთხვევაში. ხოლო შენობის საოპერაციო ნაწილი და სხვა დახურული სივრცეები კონცენტრირებულია ერთიან, ორ დონიან მოცულობაში, შენობის შუაგულში.
ფუნქციების აღწერა
ტერმინალის მოსასვლელი, ჰოლი და მასში არსებული სხვა სივრცეები, განვითარებულია შენობის აღმოსავლეთ ფასადისა და ძირითადი გზის პარალელურად, თუმცა აქედან, ჩრდილოეთი ფასადის მიმართულებით, კავკასიონის ქედის ხედიც გახსნილია. ამ ზონაში განთავსებულია სარეგისტრაციო დახლი, მცირე კვების ობიექტი, მოსაცდელი და მას ემსახურება სტუმრის სანკვანძები.
ჰოლის ჩრდილოეთ ნაწილი, უკავშირდება ჩასხდომის დარბაზს, რომელიც ტერმინალის ჩრდილოეთის ფასადის პარალელურად ვითარდება, საიდანაც იშლება კავკასიონისა და ასაფრენი ბილიკის ხედი. ეს ორი დარბაზი ერთმანეთისგან მინის ტიხრით არის გამოყოფილი და მათი დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა მოიცავს რიგის ორგანიზების სირვცეს, უსაფრთხოების კონტროლის ორ ხაზსა და პასპორტის კონტროლის ორ ტერმინალს, რომელიც შესაძლებელია გამოიყენებოდეს საჭიროებისამებრ. ჩასხდომის დარბაზში განთავსებულია მეორე მცირე კვების ობიექტი, სანკვანძები და 3.00 ნიშნულზე ანტრესოლის სახით მოწყობილი VIP მომსახურების ზონა მცირე აივნით, რომელთან კავშირი მოწყობილია ღია კიბით. ეს სივრცე უყურებს როგორც ჩასხდომის დარბაზს, ასევე ასაფრენ ბილიკს. ჩასხდომის დარბაზის მომიჯნავედ, ტერმინალის დახურულ მოცულობაში, უსაფრთხოების და პასპორტის კონტროლის ტერმინალებთან სიახლოვეში განთავსებულია შესაბამისი სამსახურების სამუშაო სივრცეები.
მოფრენის დარბაზიც ისევე როგორც ჩასხდომის დარბაზი ტერმინალის ჰოლისგან მინის ტიხრით არის გამოყოფილი. ის ტერმინალის სამხრეთ ფასადის პარალელურად არის მოწყობილი. მოფრენის დარბაზში შესვლისთანავე მოწყობილია სანკვანძები, შემდგომ საჭიროების შემთხვევაში პასპორტის კონტროლის ტერმინალები და შემდეგ ბარგის გაცემის სივრცე. ამ სივრცესაც ემსახურება სანკვანძები და მიმდებარედ განთავსებულია შესაბამისი უსაფრთხოების სამსახურის სამუშაო ოთახი.
ტერმინალის საოფისე სივრცეები განთავსებულია დახურული მოცულობის მეორე დონეზე, 3.00 ნიშნულზე, სადაც შესვლა ხდება ჰოლიდან, დახურული კიბის უჯრედის საშუალებით.
შეხვედრების ოთახი, მცირე და საშუალო ზომის სამუშაო ოთახები, პერსონალის გასახდელები და სანკვანძები, მოსასვენებელი და სხვა ტექნიკური ოთახები. ამ სივრცეების ერთიან, შემომფარგვლელ გარსს წარმოადგენს მინის (U-glass) ფარდა, რომელიც სამუშაო ოთახების ნაწილში ნახევრად გამჭვირვალეა, ხოლო სხვა დანარჩენ ადგილებში – გაუმჭვირვალე.
ტერიტორიის აღწერა
ტერიტორია ორგანიზებულია იმგვარად, რომ ტერმინალთან მოახლოებისას, მას და გზას შორის შენარჩუნებულ იქნას თავისუფალი სივრცე მწვანე დაბალი საფარით, სადაც შესაძლოა
განთავსდეს მიწაზე დადებული, ტერმინალის დასახელების აღმნიშვნელი, მოცულობითი წარწერები. ავტოსადგომი 60 ადგილზე განთავსებულია შენობის ჩრდილო- აღმოსავლეთით, ხოლო ავტობუსების დროებითი სადგომი ტერმინალის სამხრეთის კუთხის მიმდებარედ.
საინჟინრო სისტემების გარე აგრეგატები განთავსებულია ცალკე შემოფარგლულ მოცულობაში ტერმინალის სამხრეთ დასავლეთის კუთხის მომიჯნავედ, მიწის ნაკვეთის საზღვარზე.
სავარაუდო გამოსაყენებელი მასალები
შენობის ძირითადი მზიდი თაღოვანი კონსტრუქცია პიგმენტირებული რკინაბეტონით არის მოაზრებული. გამჭოლი შეკიდული ჭერი მოწყობილია გრძივი, ზოლოვანი ალუმინის პროფილების რითმით და მასში ჩანართების სახით დამონტაჟებულია გრძივი LED წერტილოვანი სანათები. საინჟინრო სისტემები (ჰაერსატარები, ელექტროგაყვანილობა, ხანძარქრობა და სხვა) ნაწილობრივ გალანდავს შეკიდული ჭერის მიღმა.
სამი ძირითადი საერთო სარგებლობის ღია სივრცე, ჰოლი, ჩასხდომისა და მოფრენის დარბაზები ერთმანეთისგან გამოყოფილია 2.2 მეტრის სიმაღლის მინის ტიხრით.
ტერმინალის საოპერაციო ნაწილისა და სხვა დახურული სივრცეების გამაერთიანებელი მოცულობა შემოსილია U-glass-ის ტიპის მინის გარსით. რომელსაც გამჭირვალობა სხვადასხვა ნაწილებში საჭიროების მიხედვით ეცვლება, მომიჯნავე სათავსოების ფუნქციების შესაბამისად. ამ დახურული მოცულობის ქვედა, მიწისპირა, დონის გარსის მოწყობის ალტერნატივად მოაზრებულია ადგილობრივი, ქვისა და აგურის მონაცვლეობით დამახასიათებელი წყობის კედელი, რომლის ვიზუალიზაციაც მოცემულია ინტერიერის ერთ-ერთ ხედში.
კონსტრუქციული გადაწყვეტა
ძირითადი კონსტრუქციული სქემა რკინაბეტონის კონსტრუქციებით არის გადაწყვეტილი. მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს რკინაბეტონის ჯვრული კოლონები, რომლებიც
ერთმანეთში გადადის თაღებით. სახურავი შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას როგორც რკინაბეტონის ფილით, ასევე ლითონის პროფილებზე მოწყობილი პროფილირებული ფენილით.
შენობის საერთო ფართი შეადგენს 1,770 კვ. მეტრს (0.00 ნიშნულზე – 1428 კვ.მ, 3.00 ნიშნულზე – 342 კვ.მ ) და სიმაღლე 7 მეტრს.