საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლიდან დღემდე იმერეთში უცხოეთის რეზიდენტთა ვიზიტების ტენდენცია მეტ-ნაკლებად მზარდია. მათივე ცნობით, 2019 წელს იმერეთში 364.7 ათასი ასეთი ვიზიტი ფიქსირდება, თუმცა, სავარაუდოდ, სტატისტიკას მნიშვნელოვნად ზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფაქტორი.
“იმერული ტურიზმის კლუბის” დირექტორმა ალექსანდრე პაიკიძემ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” სტუმრობისას აღნიშნა, რომ იმერეთში ველნესის კურორტები ტურისტების რაოდენობას არ უჩივის, თუმცა რეგიონის სხვა მხარეებს უცხოელი ვიზიტორების მისაზიდად საერთაშორისო მასშტაბის პოპულარიზაცია სჭირდებათ.
“იმერეთში ახალი ნიშის შექმნა გვჭირდება. ღვინის ძალიან კარგი ნიშა გვაქვს, მაგრამ ჩვენც, ტურისტულ კომპანიებსაც, ღვინოზე პირველ რიგში კახეთი ახსენდებათ, ზაფხულზე – ზღვა და აჭარა, მთაზე კი – სვანეთი ან თუშეთი. ყველაფერი ეს, გარდა ზღვისა, იმერეთშიც არის და ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია მედია მხარდაჭერაც. საერთაშორისო მედიაზე გასვლის ერთ-ერთი გზა სწორედ ესაა, გქონდეს ადგილობრივ მედიასთან ურთიერთობა და იყო საინტერესო”, – ამბობს ალექსანდრე პაიკიძე.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ იმერეთის სრული ტურისტული პოტენციალი ავითვისოთ, რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტზე უნდა გაკეთდეს აქცენტები და არა მხოლოდ ქუთაისსა და კურორტებზე.
“მხოლოდ ქუთაისზე არ გავაკეთებდი აქცენტს, არამედ ყველა ქალაქზე 12 მუნიციპალიტეტიდან. რადგან გვაქვს უნიკალური ქალაქები. ჭიათურის მსგავსი ევროპაში ქალაქი არ არსებობს, ანალოგი არ აქვს და ვფიქრობ, ეს უფრო უკეთ გაიყიდება, ვიდრე 3500 წლიანი ისტორია”, – ამბობს “იმერული ტურიზმის კლუბის” დირექტორი.
კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი, რომ იმერეთში ტურიზმი განავითაროს, ალექსანდრე პაიკიძე აღნიშნავს, რომ ამაში საჯარო თუ კერძო სექტორი თანაბრად უნდა ჩაერთოს.
“ჩემი აზრით, ადგილობრივი მთავრობა იქნება ეს, DMO თუ კერძო სექტორი – ყველა თანაბრად უნდა იყოს ჩართული.სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ საკითხში დიდი ლაფსუსია. როდესაც მე, ერთი სუბიექტი, ვცდილობ, ჩემი ტურისტული პაკეტი ღვინის ტურსა და ჩურჩხელის მასტერკლასს არ გასცდეს, განვითარებას რაღაც ეტაპზე ვწყვეტ და შესაბამისადაც იქცევა სახელმწიფო, ორივე ვაშავებთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უფრო მეტი რესურსი აქვს და უნდა ჩადოს ეს რესურსი გაცილებით მეტი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, სად ვდებთ ამ ფულს – როგორც წესი, მხოლოდ ინფორმაციას ვაწვდით ტურისტებს და უკან არაფერს ვიღებთ.
გამოწვევაა ისიც, რომ ბიზნესი დაინტერესდეს იმით, რაც მათთვის საინტერესო არაა. ჩვენ უნდა გვქონდეს შეთავაზებები, გასტრონომიული ტურიზმის გარდა კიდევ უნდა გვქონდეს რაღაც, რითაც კერძო სექტორი დაინტერესდება”, – ამბობს ალექსანდრე პაიკიძე.
ცნობისთვის, “იმერული ტურიზმის კლუბი”, DMO Imereti-ის დაკვეთით, იმერეთისთვის სათავგადასავლო ტურიზმის მდგრადი განვითარების 5-წლიან გეგმაზე მუშაობს, რომელიც, როგორც ცნობილია, მიმდინარე თვეში დასრულდება.