როგორია B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შედეგები ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე? თემას საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს. პირველი არხის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში მკურნალობას 1000-მდე პაციენტი გადის, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობა 80 ათას აღწევს, სპეციალისტები მკურნალობის მსურველთა რაოდენობით უკმაყოფილოები არიან და მოქალაქეებს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებენ.
სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გასული წლის ივნისიდან ამოქმედდა, ითვალისწინებს ტესტირებას და უარყოფითი შედეგის შემთხვევაში ვაქცინაციას. ხოლო თუ ვირუსი გამოვლინდება, იწყება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. იმ შემთხვევაში თუ ვირუსს უკვე დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები, დაიწყება მედიკამენტოზური მკურნალობა.
ყველა სამედიცინო სერვისი პაციენტებისთვის უფასოა.
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პროგრამა წარმატებით ფუნქციონირებს და მკურნალობის ის კურსი, რომელსაც ათასამდე ადამიანი გადის, შედეგიანია.
„ყველა ის დადებითი კლინიკური გამოსავალი, რომელიც უნდა მოჰყოლოდა მკურნალობას, სახეზეა და შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ ამ პროგრამამ წარმატებით დაიწყო ფუნქციონირება. აქვე მინდა ყველას მოვუწოდო, ვისაც ეს დიაგნოზი აქვს დასმული და ჯანმრთელობის გარკვეული სირთულეები გააჩნია ,ან ამის გარეშეც – რადგან ეს საკმაოდ ვერაგი დაავადებაა – ისარგებლონ ამ პროგრამით. ეს მათი ჯანმრთელობისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა,“ – აღნიშნა მინისტრმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში.
ექიმების თქმით, დიაგნოზის ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და მკურნალობის დაწყება იცავს არა მხოლოდ პაციენტს, არამედ გარშემომყოფებსაც, რადგან მკურნალობის შემთხვევაში ვირუსის გავრცელების რისკი მცირდება
„პაციენტი, რომელმაც არ იცის ბე ჰეპატიტის სტატუსის შესახებ, შეიძლება ვერც ხვდებოდეს, რომ ავადაა და ექიმს უნდა მიმართოს. ეს უსიმპტომო პერიოდი შეიძლება, გარკვეულად კარგიც არის, რადგან პაციენტს არაფერი არ აწუხებს, მაგრამ ცუდია იმიტომ, რომ ის არის გამოკვლევების მიღმა. დროთა განმავლობაში ასეთ პაციენტს, შესაძლოა, განუვითარდეს ღვიძლის ტერმინალური დაავადებები, როგორიცაა ციროზი, ჰეპატოცელულარული კარცინომა და ა.შ. ეს პროგრამა იძლევა სწორედ იმის საშუალებას, რომ ნებისმიერმა ადამიანმა მოგვმართოს,“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლალი შარვაძე.
მისივე თქმით, ამ დაავადებას რაიმე სპეციფიკური სიმპტომი არ აქვს, ხოლო როცა მდგომარეობა გართულებულია, პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ზოგადი სისუსტე, ქვედა კიდურების შეშუპება, სიყვითლე, მუცლის არეში შებერილობა და სხვა.
ბე ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკული ანთებაა, რომელსაც ბე ჰეპატიტის ვირუსი იწვევს. ხშირ შემთხვევაში პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა ესაჭიროება. ეს ვირუსი ადამიანიდან ადამიანს სხვადასხვა გზით, მათ შორის სისხლით და სქესობრივი კონტაქტით გადაედება.
2000-იანი წლების დასაწყისიდან, საქართველოში, ახალშობილებს ბე ჰეპატიტზე აცრა უტარდებათ. ამ პერიოდამდე დაბადებული ადამიანები კი რისკის ქვეშ არიან, ამიტომ ექიმები მოქალაქეებს პრევენციისკენ მოუწოდებენ.
წყარო: jandacva.ge
