ფოთის პორტი, რომელიც გაფართოების საკითხზე კვლავ მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინშია, მიმდინარე წელს გამტარუნარიანობის გაზრდისთვის გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს.
2025 წლის გეგმებზე, BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ზვიად ჩხარტიშვილმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, იგეგმება ტექნიკის გაუმჯობესება წარმადობა გასაზრდელად.
“რა თქმა უნდა, დაველოდებით სახელმწიფოს რეაგირებას ჩვენი გაფართოების პროექტზე, ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, გამტარუნარიანობა კვლავ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი შიდა რესურსის და პროცედურების გაუმჯობესების ხარჯზე. ასევე ტექნიკის გაუმჯობესებას ვგეგმავთ, რადგან ტექნოლოგიური ცვლილებით შეიძლება წარმადობა გავზარდოთ. აუცილებლად შევცვლით სისტემებს და უფრო მოდერნიზებული სისტემებით გავაგრძელებთ მუშაობას. საკონტეინერო ტერმინალში დამუშავება უკვე განხორციელდება მტვირთავებით და არა მოძველებული ამწეების სისტემით”,- განაცხადა ზვიად ჩხარტიშვილმა.
2024 წელს პორტში 545 297 TEU კონტეინერი დამუშავდა, რაც წლიურად 8%-იანი კლებაა, თუმცა ზვიად ჩხარტიშვილი ამას 2023 წლის მაღალ საბაზო ეფექტს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ 2022 წელთან შედარებით ზრდა დაფიქსირდა.
“დეკემბრის ბოლო ორი კვირა მცირე შეფერხებებით ვმუშაობდით ამინდის გაუარესების გამო, მაგრამ უკვე იანვრიდან მუშაობის სრული რეჟიმი განვაახლეთ. 2024 წელს 545 297 TEU კონტეინერი დავამუშავეთ, როდესაც ჩვენ სულ 550 000 TEU-ს გამტარობა გვაქვს. 2023 წლის მონაცემებს რომ შევადაროთ, დაახლოებით 8%-იანი კლებაა, მაგრამ ვიცით, რომ 2023 წელს წლიურად სერიოზული, 65%-იანი მატება იყო. შესაბამისად, 2022 წელს რომ შევადაროთ 2024 წლის მონაცემებით, 52%-ზე მეტი მატება გვაქვს საკონტეინერო ნაწილში. შეიმჩნევა მცირეოდენი კლება გენერალური ტვირთების ნაწილში, მშრალი და ნაყარი ტვირთების კლებაა დაახლოებით 18%, რადგან იცით, რომ ძირითადად საკონტეინერო ნაწილში ვართ ორიენტირებული. მაგრამ ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაკომპენსირდა საბორნე მიმოსვლის მატებით, 63% იყო ზრდა. მოგეხსენებათ, ერთადერთი პირდაპირი საზღვაო მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩვენი საბორნე მიმოსვლაა, რომელიც ფოთის გავლით ხორციელდება”,- აღნიშნა ზვიად ჩხარტიშვილმა.
რაც შეეხება 2024 წელს ამოქმედებულ „ერთი ფანჯრის პრინციპს”, რაც საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში შემოსული ხომალდების ციფრულ მომსახურებას გულისხმობს, ზვიად ჩხარტიშვილის თქმით, იყო მცირე ხარვეზები, რომლებიც აღმოიფხვრა.
