როგორია სახელმწიფო სპორტული ინფრასტრუქტურის ფინანსური ხელმისაწვდომობა – აუდიტის ანგარიში

ყოველწლიურად სპორტის ხელშესაწყობად სახელმწიფო საშუალოდ 170 მილიონ ლარამდე ხარჯავს, რაც მთლიანი ხარჯის 0,9%-ს შეადგენს. სპორტზე გაწეული ხარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტის 0,28%-ია. საერთაშორისო მაჩვენებელი კი − 0,4%-ია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.
აუდიტის ჯგუფმა სპორტულ ობიექტებზე ხელმისაწვდომობის მიზნით გააანალიზა ფეხბურთისა და კალათბურთის მიმართულებებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საერთაშორისო სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის სარგებლობისთვის დაწესებული ტარიფები და მათი დატვირთვა.
აღსანიშნავია, რომ ობიექტებზე დაწესებული ტარიფი ბაზარზე არსებული მსგავსი ობიექტების საბაზრო ღირებულების შესაბამისია, ხოლო აღნიშნული ობიექტების საშუალო დატვირთვა რიგ შემთხვევაში, დაბალია.
დიაგრამაზე წარმოდგენილია 2022-2023 წლებში თელავის და გორის სპორტის სასახლეების დატვირთვა:
თელავის სპორტის სასახლე წლიურად საშუალოდ დატვირთულია 21%-ით, ხოლო გორის − 43%-ით, შესაბამისად, აღნიშნულ ინფრასტრუქტურას გააჩნია თავისუფალი რესურსი.
აღნიშნულ რეგიონში ფუნქციონირებს კალათბურთის ფედერაციის მიერ 2022 2023 წლის სეზონზე ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილე საკალათბურთო კლუბების 10% (9 კლუბი), ხოლო აღნიშნული კლუბებიდან მხოლოდ ერთი კლუბი სარგებლობს ინფრასტრუქტურით, რაც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ზოგიერთი კლუბისთვის სახელმწიფო ინფრასტრუქტურის დაქირავება ფინანსურად ნაკლებად ხელმისაწვდომია.
თბილისში მდებარე ოლიმპიურ სასახლეს, თბილისი არენასა და ს სპორტის სასახლეს აქვს არასრული დატვირთვა და ინფრასტრუქტურას გააჩნია თავისუფალი რესურსი.
თბილისში ფუნქციონირებს საკალათბურთო კლუბების66 58% (51 კლუბი), ხოლო რეგისტრირებულ მოთამაშეთა რაოდენობა საერთო რაოდენობის 66%-ს (3 548 მოთამაშე) შეადგენს, თუმცა აღნიშნული კლუბებიდან მხოლოდ ერთი კლუბის შემთხვევაში ფიქსირდება თბილისში მდებარე დარბაზებით სარგებლობა, მაშინ როცა აღნიშნული ობიექტები წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას რეგიონში.
თბილისში არსებული ფეხბურთის ღია მოედნების შემთხვევაშიც, სტადიონებს აქვთ თავისუფალი რესურსი.
კალათბურთი: 41 გამოკითხული კალათბურთის პროფესიული კლუბიდან 36 კლუბი აღნიშნავს, რომ ქირაობს სპორტულ ინფრასტრუქტურას სავარჯიშოდ ან/და ჩემპიონატებისთვის. აქედან, 20 კლუბი აღნიშნავს, რომ ქირაობს სახელმწიფო ინფრასტრუქტურას, 15 კლუბი − კერძო საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურას, ხოლო 4 კლუბს გააჩნია საკუთარი ინფრასტრუქტურა;

ფეხბურთი: 51 გამოკითხული ფეხბურთის პროფესიული კლუბიდან 32 კლუბი აღნიშნავს, რომ ქირაობს სპორტულ ინფრასტრუქტურას სავარჯიშოდ ან ჩემპიონატებისთვის. აქედან 20 კლუბი აღნიშნავს, რომ ქირაობს სახელმწიფო ინფრასტრუქტურას, 11 კლუბი − კერძო საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურას, ხოლო ერთ კლუბს გააჩნია საკუთარი ინფრასტრუქტურა.
აუდიტი აქვეყნებს, კალათბურთის და ფეხბურთის კლუბების გამოკითხვის შედეგებს სახელმწიფო ინფრასტრუქტურაზე დაწესებული ტარიფით სარგებლობასა და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით:
საშეღავათო ტარიფით სარგებლობა:

კალათბურთი: სახელმწიფო ინფრასტრუქტურის ქირავნობისას საშეღავათო ტარიფების შეთავაზების შემთხვევა 34 კლუბიდან მხოლოდ 11 კლუბს ჰქონდა.
ფეხბურთი: სახელმწიფო ინფრასტრუქტურის ქირავნობისას საშეღავათო ტარიფების შეთავაზების შემთხვევა 33 კლუბიდან72 მხოლოდ 13 კლუბს ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ კალათბურთის და ფეხბურთის კლუბების უმეტესობა ქირაობს სახელმწიფო ინფრასტრუქტურას, თუმცა არსებობენ კლუბები, რომლებისთვისაც აღნიშნული ინფრასტრუქტურა ნაკლებად ხელმისაწვდომია. ამასთანავე, რიგ შემთხვევაში სახელმწიფო ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისად დატვირთული, რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს კლუბებისთვის ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა.
დასკვნა
სამინისტრო არ ფლობს სრულ, ზუსტ და განახლებულ სტატისტიკურ ინფორმაციას ფეხბურთისა და კალათბურთის მიმართულებებით ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფესიული სპორტული ინფრასტრუქტურის შესახებ, რაც პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის, ასევე სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ქვეყნის მასშტაბით შესაფერისი და საკმარისი პროფესიული სპორტული ინფრასტრუქტურის არსებობა გამოწვევაა, რაც აისახება ინფრასტრუქტურის ფიზიკურ ხელმისაწვდომობასა და გეოგრაფიული დაფარვის ნაკლოვანებებში.
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურას რიგ შემთხვევაში არ აქვს შესაბამისი დატვირთვა და ფიქსირდება ობიექტების დაბალი პროდუქტიულობის მაჩვენებელი, ხოლო არსებული მოდელი არ ითვალისწინებს სისტემურ მიდგომას კლუბების მიერ სახელმწიფო ინფრასტრუქტურის ქირავნობის შემთხვევაში საშეღავათო ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, კალათბურთის კლუბებისთვის გამოწვევაა აღნიშნული საკითხი, რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს კლუბებისთვის ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა.
რეკომენდაცია სამინისტროს:
რეკომენდაცია N1
სპორტის ინფრასტრუქტურული პროექტების სათანადოდ დაგეგმვის მიზნით, სამინისტრომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ფედერაციებთან და სხვა შესაბამის მხარეებთან თანამშრომლობით დანერგოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სრული, ზუსტი და განახლებული ინფორმაციის მიღებას მათ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ან/და საკუთრებაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შესახებ.
რეკომენდაცია N2
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის პროდუქტიულად გამოყენების და ამავდროულად ინფრასტრუქტურაზე კლუბების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამინისტრომ შესაბამის მხარეებთან კოორდინაციით შეიმუშაოს პოლიტიკა, კლუბებისთვის სპორტული ობიექტებით სარგებლობის შესახებ.