როგორია საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტების წილი საქართველოს ბიუჯეტში – მსხვილი პროექტები

„უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონის შემდეგ, დასავლეთმა საქართველოს ფინანსულ ნაწილში დახმარება დროებით უკვე შეუჩერა. ამასთან, შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც. ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ ბიუჯეტის დახმარებას დროებით წყვეტენ, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის დახმარებას კი აძლიერებენ.
დასავლეთის ქვეყნები ფინანსურად საქართველოს როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხრივ უკვე წლებია ეხმარება. 2024 წელს ბიუჯეტში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოურ სახელმწიფოთა მთავრობებისგან მიღებული გრანტები, მთლიანი გრანტების თითქმის 57%-ს შეადგენს, დანარჩენი კი ცენტრალური სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების გრანტებს წარმოადგენს.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში გრანტების მოცულობა 266 მლნ ლარით განისაზღვრა, აქედან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები 129.8 მლნ ლარს შეადგენს, უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტები – 20 მლნ ლარს, უცხოეთის იურიდიული პირის – 1.2 მლნ ლარს. ცენტრალური სსიპ-ებიდან და ა(ა)იპ-ების გრანტების მოცულობა 115 მლნ ლარით არის განსაზღვრული.
დოკუმენტი მიხედვით, ევროკავშირის გრანტი 105 მლნ ლარს შეადგენს, აქედან ყველაზე დიდი რაოდენობით გრანტი შემდეგ პროექტებზე დაიხარჯება:
· ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU) – 63 მლნ ლარი
· ENPARD IV − ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის IV (EU) – 16.9 მლნ ლარი
· უნარების განვითარება და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა (EU) – 12.6 მლნ ლარი
· EU4 − მდგრადი მმართველობა და მოქნილობა (EU – 7.5 მლნ ლარი
· აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (EU, KfW) – 5 მლნ ლარი
გარდა ამისა, ბიუჯეტის მიხედვით, გრანტებით განხორციელდება ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი, დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტი და ა.შ.
ამასთან, სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული 20 მლნ ლარის გრანტიდან, 11.5 მლნ ლარი წარიმართება პროექტ ბიომრავალფეროვნებასა და მდგრად ადგილობრივ განვითარებაზე; 2.3 მლნ ლარი საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამაზე; 1.5 მლნ ლარი პროფესიული განათლების პროგრამაზე და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ ევროკავშირის მიერ მირებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს ბიუჯეტის დახმარებას დროებით აჩერებს, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის დახმარებას კი აძლიერებს.
მანამდე საქართველოს დახმარების შეწყვეტაზე განცხადებები გააკეთეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მ და გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა. ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა, გაყინულია. ფიშერის თქმით კი, მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმარტებიტ ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ.
საფრანგეთის ელჩის სიტყვებს ტყუილი უწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
“არ შეესაბამება სიმართლეს – არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს. ამიტომ, ცოტა გაუგებარია, რას ეხებოდა ეს განცხადება”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადებას. მისივე თქმით, გაღიზიანებული რეაქციები, რასაც პარტნიორების მხრიდან ხედავენ, არ შეესაბამება ევროპული ღირებულების შესაბამის რეაქციებს. პაპუაშვილმა ისიც თქვა, რომ ჰქონდა მოლოდინი, ელჩები მათი ქვეყნებიდან წამოსული ფულის გამჭვირვალობას დაუჭერდნენ მხარს.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი