როგორია საარჩევნო წლის ეკონომიკური მოლოდინები

არჩევნების მოახლოების მიუხედავად, მშპ-ს ზრდას საფრთხე არ ელის, – ამის შესახებ იუწყება საქართველოს მთავრობის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი . მეტიც, როგორც მთავრობაში ითქვა, მიმდინარე 2024 წელს შარშანდელ – 7.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება, რასაც ეკონომისტების ნაწილი ეთანხმება. 2021-2022 წლებში საქართველოს ორნიშნა მაჩვენებელი ჰქონდა – 10.5% და 10.4%, 2023 წელს კი ზრდის ტემპი 7%-მდე შემცირდა.
საქართველოს მთავრობა გეგმვავს შარშანდელზე მაღალ ეკონომიკური ზრდაზე გასვლას და, როგორც ეკონომისტების ნაწილი ამბობს, ეს სავსაბით რეალურია.
მიმდინარე წლის სტატისტიკით, ეკონომიკური ზრდა 2024 წელსაც პოზიტიურად გამოიყურება. იანვარში მშპ – 5.8%-ით გაიზარდა, თებერვალში – 9.5%-ით, მარტში – 8.2%-ით, აპრილში – 11.8%-ით, ხოლო მაისში – 9.2%-ით. პირველი 5 თვის განმავლობაში კი, ქვეყნის მშპ 9.3%-ით გაიზარდა.
ოქტომერში არჩევნები ჩატარდება და ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს გარკვეულ დესტაბილიზაციას.
ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ოპტიმისტურადაა განწყობილი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებულია.
„ცალკეული ექსპერტების მხირდან დაიწყო ნარატივის ტირაჟირება, რომ თუ დასავლეთის მიმართ გვექნება ის პრინციპული პოზიცია, რომელიც გვაქვს, შიმშილით დავიხოცებით და ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა, სხვა პოლიტიკის გატარება. ამის პასუხად გადავხედოთ იმას, თუ როგორი ეკონომიკური ზრდაა საქართველოში. მაღალი ეკონომიკური ზრდა აუცილებლად აისახება უმუშევრობის შემცირებაზე, საშუალო შემოსავლების ზრდაზე, ინფლაციის დაბალ მაჩვენებელზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე და ყველა იმ ფაქტორზე, რომელიც ადამიანს შეიძლება აწუხებდეს. ჩემი შეფასებით, წელს არათუ 7.5%, არამედ გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში არჩევნებია. აპრილ-მაისში გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9%-ზე მეტი და ეს მაჩვენებელი დაფიქსირდა მიუხედავად იმისა, რომ იყო დესტაბილიზაციის მცდელობა და საპროტესტო გამოსვლები. რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ივნისის ზრდის მონაცემი და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ორნიშნა. ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას უნდა ველოდოთ, ასევე, ივლისში და შემდეგ თვეებშიც. ძალიან მაღალი ზრდა გვექნება ამ წელსაც”, – ამბობს გიორგი ცუცქირიძე.
ეკონომისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნები ეკონომიკაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს და ეს გავლენა, დიდი ალბათობით, ნეგატიური იქნება. როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ამბობს, ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედ ფაქტორებს მაქსიმალური ხელშეწყობა სჭირდება.
„ჩემი აზრით, რთული იქნება წელს, შარშანდელზე უკეთესი ეკონომიური ზრდა გვქონდეს, რადგან გასული წელი ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი იყო. ეკონომიკურ ზრდაზე, როგორც წესი, ბევრი ფაქტორი მოქმედებს, რომელთაც მაქსიმალური ხელშეწყობა სჭირდება. წელს უნდა გავითვალისწინოთ არჩევნების პერიოდი, რაც ეკონომიკაზე გარკვეულ გავლენას უდაოდ მოახდენს”, – განაცხადა ავთო სილაგაძემ და დაამატა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ახსოვს ბევრი შემთხვევა, როდესაც ეკონომიკა ორნიშნა იყო. მაგალითად, 90-იანი წლების შუა პერიოდში, წინა ხელისუფლების დროს და უახლოეს 2021 და 2022 წლეში.