როგორია რუსული „ლუკოილის“ ფინანსური მდგომარეობა საქართველოში

„ლუკოილ ჯორჯია“ ქვეყნის მასშტაბით 60-ზე მეტ ბენზინგასამართ სადგურს ფლობს. ამასთან, კომპანიამ გასულ წელს 446 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო, წმინდა მოგებამ კი 2.6 მლნ ლარი შეადგინა (2021 წელს 1.4 მლნ ლარი იყო).
საანგარიშო პერიოდში კომპანიის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებამ 422.7 მლნ ლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 53.4 მლნ ლარს, ხოლო კაპიტალი 12.3 მლნ ლარს შეადგენს.
ფინანსურ ანგარიშგებაში საუბარია სასამართლო დავაზე. 16-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, „ლუკოილ ჯორჯიამ“ ხელშეკრულება შეწყვიტა კომპანია „უნიგრუპთან“ , რომელიც ნავთობპროდუქტს ყიდულობდა შემდეგ კი ტალონებისა და ბარათების საკუთარი სისტემის მეშვეობით მის რეალიზაციას ახდენდა მესამე პირებზე. როგორც „ლუკოილ ჯორჯიაში“ განმარტავენ, ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობის გაუქმება გადაწყვიტეს დაგროვებული მრავალმილიონიანი დავალიანების გამო.
„2021 წლის 9 აგვისტოს, კომპანიამ შეიტანა საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „უნიგრუპის“ წინააღმდეგ, შპს „უნიგრუპისთვის“ 2020-2022 წლებში მიწოდებული საწვავის ღირებულების დაფარვის მოთხოვნით. მოთხოვნის ჯამურმა ოდენობამ, დარიცხული ჯარიმებისა და საურავების ჩათვლით, 9,553 ათასი ლარი შეადგინა.
2021 წლის 6 ოქტომბერს, შპს „უნიგრუპმა“ შეიტანა შეგებებული სარჩელი კომპანიის წინააღმდეგ 2017-2021 წლებში დაკარგული მოგების ანაზღაურების მოთხოვნით. მოთხოვნილი დაკარგული მოგების საერთო ოდენობამ 7,124 ათასი ლარი შეადგინა. 2022 წლის 31 დეკემბრისთვის, კომპანიამ მოიგო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამის შემდეგ შპს „უნიგრუპმა“ გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
2023 წლის 29 მარტის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სახელშეკრულებო დებულებების სამართლებრივი ანალიზისა და სადავო თანხების წმინდა დაქვემდებარების გათვალისწინებით, ხელმძღვანელობა თვლის, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომპანია ვალდებული იქნება დაფაროს ვალდებულება, რაც ეკონომიკური რესურსების გადინებას გამოიწვევს“, – ნათქვამია ანგარიშში.
2022 წლის ივლისში, ლუკოილ ჯორჯიას მშობელმა კომპანიამ LITASCO SA-მა გადაწყვიტა გაეცა 5,047 ათასი ლარის ოდენობით ერთჯერადი ბონუსები (რომელიც შეტანილია „ხელფასებსა და გასამრჯელოებში“) კომპანიის ხელმძღვანელობაზე 2022 წელს გაწეული მომსახურებისთვის, საიდანაც 4,237 ათასი ლარი უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობაზე არის გაცემული. საერთო ჯამში კი 2022 წელს ხელფასების რაოდენობამ 13 მლნ ლარს გადააჭარბა.
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნავთობის და ნავთობქიმიკატების საბითუმო და საცალო გაყიდვები ბენზინ-გასამართი სადგურებისა და ნავთობის სასაწყობე ბაზების ქსელის საშუალებით. კომპანია კთითქმის ყველა რეგიონში 60-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურსა და 500-მდე დასაქმებულს აერთიანებს.
2020 წლის დეკემბერში, 100%-იანი საკუთრების წილი კომპანიაში გადაეცა LITASCO SA-ს (“მშობელი კომპანია”), რომელიც ასევე „საჯარო სააქციო საზოგადოება ლუკოილის“ მიერ საბოლოოდ კონტროლირებადი საწარმოა. 2022 წლის 31 დეკემბრისთვის და წინამდებარე ფინანსური ანგარიშგების გამოშვების თარიღისთვის, კომპანიის საკუთრების სტრუქტურაში ცვლილებები არ მომხდარა. აღსანიშნავია, რომ LITASCO SA-ს თავის მხრივ, ფლობს რუსული Lukoil Public Joint Stock Company., რომელიც 2022 წლის იანვარში ამერიკის მიერ სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა, რაც ნავთობის პროექტების შეზღუდვას გულისხმობს (IDFI კვლევა – „რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში“)