როგორია პარტიების საარჩევნო რეიტინგები ბოლო კვლევებით

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო იმართება. ქვეყნის ისტორიაში ეს იქნება პირველი არჩევნები რომელიც სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. მომავალ პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელია არჩევნებში მონაწილე პარტიებმა გადალახონ 5%-იანი ბარიერი. პარლამენტში სულ 150 დეპუტატია, მათ 4 წლის ვადით აირჩევენ. წელს ამომრჩევლების უმრავლესობა, 90% ხმას ელექტრონულად მისცემს.
არჩევნების წინ, სამმა ტელეკომპანიამ სამი სხვადასხვა კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.
ბრიტანულმა კომპანია SAVANTA-მ ტელეკომპანია მთავარი არხისთვის, მედიის თავისუფლების ფონდის დაკვეთით, საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა.
კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები, მათი ინფორმაციით ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება – ხალხის ძალა – 35%
კოალიცია ცვლილებისთვის – 19%
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – 16%
ძლიერი საქართველო – 9%
გახარია – საქართველოსთვის – 8%
გირჩი – 3%
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 3%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 2%
სხვა – 5%
„მთავარის“ ცნობით, გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1520 ადამიანი.
კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს + -2,51%-ს, 95%-იანი სანდოობით, ხოლო იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვებზე პასუხი, ან ვერ მოხერხდა გამოკითხვა, შეადგენს 19%-ს, შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 81%.
საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე შუალედში.
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა და კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 34%
ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 18%
კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 14%
გახარია – საქართველოსთვის – 11%
ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 10%
ლეიბორისტული პარტია – 5%
გირჩი () – 4%
პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3%
სხვა პარტიები – 1%
ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით.
საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 1-18 ოქტომბრის შუალედში.
ტელეკომპანია იმედის დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, გორბის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, პასუხები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება – 60.2%
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა – 15.4%
კოალიცია ცვლილებებისთვის (ახალი-გირჩი მეტი თავისუფლებისთვის-დროა) – 9.0%
კოალიცია ძლიერი საქართველო (ლელო-მოქალაქები-ხალხისთვის-თავისუფლების მოედანი) – 3.3 %
გახარია საქართველოსთვის – 2.9%
გირჩი – 2.8%
ლეიბორისტული პარტია – 2.0%
პატრიოტთა ალიანსი-ალტ ინფო – 1.9 %
სხვა პარტიები – 2.5 %
ტელეკომპანია იმედის ცნობით, გორბმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. ტელეკომპანიის ცნობით, გამოიკითხა 1704 ადამიანი და ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.
საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 12 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის პერიოდში.