როგორია მსოფლიოს ულამაზესი ქალი დღეს: 60 წლის ემანუელ ბეარის პლასტიკური ოპერაცია, 17 წლით უმცროსი ქმარი და ცხოვრების ისტორია – Marao

ფრანგი მსახიობი, რომელიც განსაკუთრებული სილამაზითა და ძლიერი სამსახიობო უნარებით არის ცნობილი. იგი დაიბადა 1963 წლის 14 აგვისტოს საფრანგეთში, სენ-ტროპესთან ახლოს. ბეარი ცნობილია თავისი დახვეწილი და ელეგანტური სტილით. მისი ბუნებრივი სილამაზე და ნიჭიერება მას ფრანგული კინოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ვარსკვლავად აქცევს. გარდა ამისა, აქტიურად ეწევა ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ საქმიანობას. იგი მუშაობდა ლტოლვილებისა და ემიგრანტების დასახმარებლად, იყო UNICEF-ის ელჩი და ასევე მხარს უჭერდა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს.
ბეარმა საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა 1986 წელს ფილმით Manon des Sources, სადაც მან მანონ კადრიუს როლი შეასრულა. ამ როლისთვის მან საფრანგეთის კინემატოგრაფიის უმაღლესი ჯილდო – César მოიპოვა საუკეთესო მეორე პლანის მსახიობისთვის.
ულამაზესი ემანუელ ბეარი არა მხოლოდ ფრანგული, არამედ მსოფლიო კინოს ვარსკვლავია და წლების წინ ყველაზე სასურველი, ყველაზე სექსუალური და ყველაზე ლამაზი ქალების რეიტინგებში ყოველთვის ხვდებოდა. როგორი იყო მისი ცხოვრების გზა და რას ნანობს დღეს, 60 წლის ასაკში?
~
ემანუელ ბეარი
ემანეუელი 1963 წლის 14 აგვისტოს დაიბადა ცნობილ კურორტ სენ-ტროპესთან ახლოს, გასინში. მისი მშობლები ცნობილი ადამიანები იყვნენ – მამა, გი ბეარი, ცნობილი პოეტი და კომპოზიტორი გახლდათ, დედა ჟენევიევა გალეა კი ახალგაზრდობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი იყო საფრანგეთში.
ოჯახში მის გარდა იზრდებოდნენ მისი ორი ძმა და ერთი და. 13 წლის იყო, როცა ერთ-ერთ ფილმში რომი შნაიდერის შესრულება ნახა და მას მერე გადაწყვიტა, რომ მსახიობი გამხდარიყო. დაიწყო დამოუკიდებლად სწავლა – ბევრს კითხულობდა, მეცადინეობდა გამოთქმით კითხვაში, ინგლისურში. ზაფხულებს კანადაში ატარებდა, მამის მეგობრის ოჯახში, რომ ინგლისური წარმოთქმა გაეუმჯობესებინა.
უფროს კლასებში საერთაშორისო კოლეჯში სწავლობდა და პარალელურად პარიზში სამსახიობო ოსტატობის კურსებს ესწრებოდა. 20 წლის იყო, როცა პირველად აღმოჩნდა ეკრანზე ფილმში “საიდუმლო სურვილები”. პირველი წარმატება, რასაკვირველია, გამორჩეულმა გარეგნულმა მონაცემებმა მოუტანა, თუმცა მალე ყველამ აღიარა, რომ მშვენიერთან ერთად, ემანუელი ძალიან ნიჭიერიც იყო.
მალე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახდა, რომლის გადაღებაც ყველას უნდოდა, არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ჰოლივუდურ პროექტებშიც. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმები მისი მონაწილეობით იყო კომედია “ლიფტიდან მარცხნივ”, პიერ რიშართან პარტნიორობით, ასევე “ფრანგი ქალი”, “საიდუმლო სიყვარული” და ა.შ.