როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ – ექიმის შეფასება

38-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გუშინ, 18 თებერვალს, მზია ამაღლობელმა შიმშილობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. მან თქვა, რომ შეეცდება, ექიმების დახმარებით, საკვების მიღება დაიწყოს. 12 იანვრის შემდეგ მან მხოლოდ დღეს მიიღო სპეციალურად შერჩეული საკვები.
“ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, კვების აღდგენის პროცესი არანაკლებად სარისკოა, ვიდრე თავად შიმშილობა. 24-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ამაღლობელი რუსთავის ქალთა კოლონიიდან სწორედ “ვივამედში” გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
“კვების აღდგენის პროცესი საკმაოდ სერიოზული პროფესია. არანაკლებად რთულად სამართავი, ვიდრე, თუნდაც შიმშილობის მიმდინარეობის პერიოდი. იმიტომ, რომ არასწორად მიღებულმა საკვებმა შეიძლება გამიწვიოს სხვადასხვა სახის გართულებები. ეს შეიძლება აისახოს გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე, გამოიწვიოს არითმიები და ა.შ. ამდენად, შემუშავებულია საერთაშორისო პროტოკოლი, რაც ითვალისწინებს გარკვეული კალორაჟით საკვების მიღებას. განსაკუთრებით, პირველი ორი დღის განმავლობაში, რაც ძალიან საყურადღებოა. გამომდინარეობს იქიდან, თუ როგორია ლაბორატორიული კვლევის შედეგები, როგორია მინერალების შემცველობა და ა.შ. რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფუზიური თერაპია, ანუ გადასხმები. ასევე, ჩვენ ვაწვდით მინიმალური მოცულობით, გარკვეული კალორაჟით საკვებს. მდგომარეობა მისი სტაბილურია, თავს გრძნობს საკმაოდ მხნედ. იცით თქვენ, რომ გუშინ მან, მისი გადაწყვეტილებით, შეწყვიტა შიმშილობა და ჩვენ დავიწყეთ, რა თქმა უნდა, კვების განახლების პროცესი, ვხელმძღვანელობთ შესაბამისი, ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით. შესაბამისად, მას ეძლევა ის საკვები, რაც დასაშვები არის პირველი დღეების განმავლობაში, როდესაც პაციენტი აახლებს საკვების მიღებას”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ჩხაიძემ.
ჩვენ მას ვკითხეთ, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი და რამდენ ხანს დასჭირდება ამაღლობელს კლინიკაში დარჩენა. ექიმი ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და პროგნიოზს გაკეთება რთულია.
“ძალიან ინდივიდუალურია. პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ჩვენ ყოველდღიურად დავაკვირდებით მის მონაცემებს და აი ამ მონაცემების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება”, – განაცხადა ჩხაიძემ.