მულტიმილიონერი ილონ მასკი, რომელიც ბოლო დრომდე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელად მიიჩნეოდა, 5 ივლისს ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელსაც ის „ამერიკის პარტიას“ უწოდებს.
განცხადება სოციალურ ქსელ „იქსში“ გაკეთდა, რომლის მფლობელიც მასკი თავად არის. ამას წინ უძღოდა პარასკევს მის მიერ ჩატარებული გამოკითხვა, რომელშიც მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და რესპონდენტთა 65 პროცენტზე მეტი პარტიის შექმნას დაეთანხმა.
მასკი პირობას იძლევა, რომ ამერიკელებს თავისუფლებას დაუბრუნებს. მილიარდერი სოციალურ ქსელში წერს: „უყაირათიანობისა და კორუფციის გამო, საქმე შეერთებული შტატების გაკოტრებამდე მიდის. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ერთპარტიულ სისტემაში ცხოვრობთ და არა დემოკრატიაში“.
„ამერიკის პარტია“ იმისთვის იქმნება, რომ თქვენ თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – დასძინა მან.
„ტესლას“ მფლობელმა ასევე აღნიშნა, რომ „ ერთპარტიულ სისტემას იმავე გზით დაანგრევს, როგორც ეპამინონდასმა გააქარწყლა სპარტის დაუმარცხებლობის მითი ლეუქტრასთან – ეს არის უკიდურესად კონცენტრირებული ძალის ბრძოლის ველის ზუსტ ადგილზე გამოყვანა“.
„ამერიკის პარტიის“ შექმნის შესახებ განცხადება ზოგიერთ ინვესტორს მეტად არ ესიამოვნა. საინვესტიციო ფირმა Azoria Partners-მა განაცხადა, რომ გადადებს ბირჟაზე ფონდის რეგისტრაციას, რომელიც „ტესლას“ აქციებზეა ორიენტირებული.
Azoria-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმს ფიშბეკმა, „ტესლას“ დირექტორთა საბჭოს მასკის პოლიტიკური ამბიციების უფრო დეტალურად განმარტებაც კი სთხოვა. ფიშბეკის თქმით, ახალი პარტია ძირს უთხრის აქციონერთა ნდობას, რადგან ისინი მოელოდნენ, რომ მიმდინარე წლის მაისში სახელმწიფო სამსახურის დატოვების შემდეგ, მილიარდერი უფრო მეტ ყურადღებას კომპანიაზე გაამახვილებდა.
ამ კვირის დასაწყისში დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ შეამცირებდა მილიარდიან სუბსიდიებს, რომელსაც მასკის კომპანიები ფედერალური მთავრობისგან იღებენ.
კითხვაზე, თუ რატომ გადაიზარდა ტრამპის სიყვარული მასზე თავდასხმაში, მასკმა უპასუხა, რომ ამის მიზაზი გახდა საბიუჯეტო დეფიციტის ზრდა, რაც, მისი აზრით, „ქვეყანას გაკოტრებამდე მიიყვანს“.
წყარო: 1 არხი
