თეთრ სახლში მიღება საქართველოს დროით, საღამოს 20:00 საათზე დაიწყება. პრეზიდენტის რეზიდენციაში პირველად ევროპული ქვეყნების ლიდერები, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელები მივლენ. სია კი ასეთია:
გერმანიის კანცლერი – ფრიდრიხ მერცი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი – კირ სტარმერი
საფრანგეთის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი
იტალიის პრემიერ-მინისტრი – ჯორჯა მელონი
ფინეთის პრეზიდენტი – ალექსანდრ სტუბი
ევროკომისიის პრეზიდენტი – ურსულა ფონ დერ ლეიენი
NATO-ს გენერალური მდივანი – მარკ რუტე
დიდი შვიდეულის 4-ვე ევროპული ქვეყნის მმართველის, ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელების მიღების შემდეგ თეთრ სახლში ზელენსკიც მივა. მისი ვიზიტი საქართველოს დროით 21:00 საათზეა ჩანიშნული. უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა 21:15-ზე, ოვალურ კაბინეტში დაიწყება.
მედიასთან მოკლე კომენტარის შემდეგ კი ორი ქვეყნის ლიდერები საუბარს დახურულ კარს მიღმა დაიწყებენ. სავარაუდო, მათ ალასკას სამიტის უშუალო მონაწილე, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფიც შეუერთდებიან.
დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, სავარაუდოდ, 1 საათს გაგრძელდება, რადგან თბილისის დროით 22:30-ზე ტრამპი NATO-სა და ევროკავშირის ლიდერებს, ასევე ევროპული სახელმწიფოების მეთაურებს უმასპინძლებს.
აქედან ერთ საათში კი თეთრ სახლში ისტორიული სამიტის ბოლო ეტაპი დაიწყება. 23:30-ზე დონალდ ტრამპი მოწვეულ სტუმრებთან ერთად მოლაპარაკებას გამართავს.(ბიემჯი)
