როგორია თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა – უახლესი ინფორმაცია

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული პირები, მრავლობითი დამწვრობებით, სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თუმცა, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“ჩვენს კლინიკაში არის შემოსული 3 მამაკაცი. აფეთქების შედეგად მიღებული აქვთ სხვადასხვა სახის ტრავმები. ერთ-ერთი მათგანი, 59 წლის მამაკაცი არის მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში. დაზიანებული აქვს თავი, გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირი. ორივე ზემო კიდური. ამას ემატება სასუნთქი გზების თერმული ინჰალაციური დაზიანება და ბაროტრავმა, რაც ამ აფეთქებამ გამოიწვია. ორი მამაკაცი არის მოთავსებული ქირურგიულ განყოფილებაში, 30 და 39 წლის მამაკაცები…მათი მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება. რაც შეეხება 59 წლის მამაკაცს, გვაქვს საკმაოდ სერიოზული დაზიანებები, თუმცა მისი მდგომარეობა გამომდინარე ტრავმიდან, ამ წუთისათვის, არის თავიდან ბოლომდე სტაბილური,” – ამბობს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში, მაღაზია “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში აფეთქება დღეს დილით მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. რა გახდა აფეთქების მიზეზი, უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.