ნაყინი ცხელ დღეებში გემრიელად გაგრილებასთან ასოცირდება. უკვე ნოემბერია და ტემპერატურაც ნელ-ნელა დაბლა იწევს. ამ პერიოდში ადამიანები საყვარელ ტკბილეულზე გაციების შიშით უარს ამბობენ. სანაყინეს უფრო გაბედული ადამიანები აკითხავენ, რომლებსაც ყელის ტკივილის შიში ნაყინზე უარს ვერ ათქმევინებს.
მესამე წელია ბაზარზე სანაყინე ,,ბურატინო’’ გამოჩნდა. სანაყინე საქართველოში პირველია, რომელიც მომხმარებელს ტაილანდური ტექნოლოგიით დამზადებულ ტკბილეულს სთავაზობს. არჩევანი მრავალფეროვანია. ცოცხალი ხილით, შოკოლადით, ალკოჰოლითა და კრემყველით დამზადებული ნაყინი ორბელიანის მოედანზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ. ასორტიმენტში არის ასევე ვეგანური ნაყინი, რომელშიც ცოცხალ ხილს კეპავენ. ყველაზე გაყიდვადია ტვიშის ნაყინი. ღვინოსთან ერთად შეგიძლიათ ნესვიც გაურიოთ, რაც ტკბილეულს განსხვავებულ არომატს სძენს.
ბიზნესის დაწყების იდეა რძალ-მულს გაუჩნდათ. თავდაპირველად ნაყინს ოჯახის წევრებისთვის ამზადებდნენ. კომპანიის დამფუძნებელი ინგა ტარყაშვილი ,,კომერსანტთან’’ ამბობს, რომ სანაყინეს გახსნა ბევრ პრობლემასთან იყო დაკავშირებული. მათ შორის საქართველოში შესაბამისი ტრენინგების არარსებობაა.
,,არც არავინ იცოდა ამ საქმის კეთება, რომ ვიღაცისგან აგვეღო რჩევა. პრობლემური იყო ამ საქმის დაწყება. ფინანსებით დაწყებული საკმაოდ რთული იყო ბაზარზე ჩვენი რესურსით დარჩენა. დღემდე გვიწევს ბრძოლა, რომ დავრჩეთ ბაზარზე მყარად. ვუყურებდით ნაყინის დამზადების ვიდეოებს. გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა თავად სანაყინე. ვიყიდეთ აპარატი. დავიწყეთ მეცადინეობა. ვატარეთ ექსპერიმენტები და გემოები ჩვენ დავსვით. თავად ვისწავლეთ და დავხვეწეთ გემოები. ამას არავინ ასწავლის. დასაქმებული არ გვყავს და დღემდე ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენ სტარტაპერი ქალები ვართ და გიგანტ კომპანიებს შორის ვიბრძვით თავის დასამკვიდრებლად. ეს არ არის მარტივი, რომ თანამშრომელი აიყვანო და ხელფასები გასცე. ამიტომ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ.’’- აცხადებს ინგა ტარყაშვილი.
კომპანიის დამფუძნებელი აცხადებენ, რომ ბაზარზე კონკურენცია მაღალია, თუმცა ისინი განსხვავებული გემოებითა და ნაყინის ინოვაციური დამზადების მეთოდით გამოირჩევიან. კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ სურთ ახალი ფილიალის გახსნა, თუმცა ამას საქმის მცოდნე კადრების სიმწირე ართულებს.
,,საქმის შესწავლა არ არის მარტივი. ვერ ასწავლი მარტივად სხვას, რომ ამუშაო. ჩვენ თავად მოგვიწევს კადრის გადამზადება. ავიყვანთ დამხმარეებს და თავად შევასწავლით ნაყინის დამზადებას.’’- აცხადებს ინგა ტარყაშვილი.
გაყინულ დაფაზე ხილი და საჭირო ინგრედიენტები ერთმანეთში ირევა და მომხმარებლის თვალწინ იყინება. ,,ბურატინოს’’ ქართველ მომხმარებელთან ერთად ტურისტებიც სტუმრობენ. ზამთრის სეზონზე ნაყინზე მოთხოვნა იკლებს, თუმცა ,,ბურატინოს” სტუმრები მაინც ჰყავს. კომპანია მომხმარებელს ცხელი ვაფლისა და ცივი ნაყინის კომბინაციას სთავაზობს.
