როგორია ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების საპროგნოზო მონაცემები

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების საპროგნოზო მონაცემები ცნობილია.
ამ დროისთვის ცნობილია ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 15 ქვეყნის წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც დომინაციას კვლავ „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ინარჩუნებს, რომელსაც მეორე ადგილზე „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსი“(S&D)მოსდევს. წინასწარი შედეგებით, კი მესამე ადგილზე Renew Europe (განაახლე ევროპა) არის.
რაც იმას ნიშნავს, რომ წინა 2019 წელს არჩეული ევროპარლამენტის მსგავსად, დიდი ალბათობით, 2024 წლის არჩევნების შემდეგაც მმართველ კოალიციას ისევ ეს სამი პოლიტიკური ჯგუფი შექმნის.
წინასწარი პროგნოზით, 720-ადგილიან ევროპარლამენტში მანდატები ასე გადანაწილდება:
· „ევროპის სახალხო პარტია“ – 186
· „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსი“ – 133
· Renew Europe (განაახლე ევროპა) – 83
· „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) – 73
· „იდენტობა და დემოკრატია“ (ID) – 60
· მწვანეები/EFA – 53
· „მემარცხენე“ – 36
ამავე პროგნოზით, 50-50 მანდატი ნაწილდება პარტიებზე, რომლებიც არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფში არ შედიან და ახალ, არააფილირებულ დეპუტატებზე.
აღსანიშნავია, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ პარტნიორი პარტიები საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან, ხოლო Renew Europe-ის ჯგუფში შემავალ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) პოლიტიკურ ოჯახში კი საქართველოდან 5 ოპოზიციური პარტია ერთიანდება: „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები. რაც შეეხება მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მას ამჟამად პარტნიორი ევროპული პარტია არ ჰყავს.
· ევროპარლამენტის არჩევნები 2024 | გზამკვლევი

ასევე დაგაინტერესებთ