რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად, ინტელექტუალური სამართლის ექსპერტმა, DRD Intellectual Property Firm დამფუძნებელმა პარტნიორმა ანა დალაქიშვილმა, დომენური სახელების სამართლებრივ ასპექტებსა და ციფრულ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, სასაქონლო ნიშანს იცავს იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც ის არის რეგისტრირებული და თუ მესაკუთრეს სურს, მოიპოვოს სხვა ქვეყნის მიერ დაცვის უფლება, კონკრეტულ ქვეყანაში ეროვნული კანონმდებლობით ახორციელებს მის რეგისტრაციას ან ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში გადის საერთაშორისო რეგისტრაციას.
„შესაძლებელია, რომ ერთი და იმავე ნივთს ჰქონდეს რამდენიმე სასაქონლო ნიშანი. მაგალითად, მუსიკალურ საკრავს აქვს თავისი დასახელება, რომლითაც ოპერირებს, ასევე დიზაინი, ასევე საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებები, როგორიც არის მუსიკა და თავად გამოგონბა, რომელიც ამუშავბს ამ კონკრეტულ მანქანას“, – აღნიშნა ანა დალაქიშვილმა.
მისი თქმით, როდესაც ხდება პირის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, ეს მას უფლებას აძლევს, სხვის მიერ მისი ან მისი მსგავსი სასაქონლო ნიშნის გამოყენება, იდენტურ ან მსგავს საქონელზე.
როგორც მან აღნიშნა, დომენი არ წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებით დაცვის ობიექტს, არამედ ეს არის კონკრეტული სიტყვა ან სიტყვათა ერთობლიობა, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის კონკრეტულ ვებგვერდს.
ინტელექტუალური საკუთრება და დომენი სამართლებრივ წინააღმდეგობაში მოდის, როცა პირმა დაარეგისტრირა სასაქონლო ნიშანი,, რომლის რეკლამაზეც დახარჯა ფინანსები, ის გახდა ცნობილი, ხოლო მესამე პირმა, უკვე მისი სასაქონლო ნიშანში გამოყენებული სიტყვა შეიტანა თავის დომენში. ამ დროს მომხმარებელი შედის შეცდომაში, რადგან ასოციაცია უჩნდება სასაქონლო ნიშანთან.
ასეთ დავებს განიხილავს როგორც ადგილობრივი სასამართლო, ისე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია.
„ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში გასაჩივრების დროს არსებობს წინასწარ დადგენილი საჩივრის ფორმა და სასაქონლო ნიშნის მესაკუთრემ უნდა ამტკიცოს, რომ მის სასაქონლო ნიშანს კავშირი არ აქვს სხვის დომენთან. მომჩივანს უფლება აქვს მოითხოვოს დომენის გაუქმებას ან მის საკუთრებაში გადატანა. საჩივრის განხილვის ვადა არის 60 დღე“, – აღნიშნა იურისტმა.
რაც შეეხება კომპიუტერულ პროგრამებს, ისინი დაცულია საავტორო უფლებებით და აუცილებელი არ არის რეგისტრაცია, რადგან ის წარმოიქმნება შექმნის მომენტიდან, ავტომატურად.
რთულად არის საკითხი AI-ის მიერ შექმნილი პროდუქტის შემთხვევაში. სადავოა ის, თუ ვის ეკუთვნის ხელოვნური ინტელექტის ნაწარმოები.
„თუ AI რაიმეს ქმნის სრულად ადამიანის დავალებით ანუ შემოქმედებითი ნაწილი ადამიანისაა და მას უბრალოდ ეხმარება ხელოვნური ინტელექტი, მაშინ ინტელექტუალური საკუთრება ეკუთვნის ადამიანს.
მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა ხელოვნური ინტელექტი დამოუკიდებლად ქმნის რაღაცას და გამომგონებლად იწოდება AI“, – განმარტა ანა დალაქიშვილმა.
