როგორია გორში დაჭრილი პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კახა მურადაშვილის განცხადებით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს მოქალაქე თავს დაესხა და დანისა და ცულის გამოყენებით მიაყენეს სხვადასხვა დაზიანებები.
“შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას გორის რაიონ სოფელ ხელთუბანში რამდენიმე მოქალაქე თავს დაესხა და ცივი იარაღით, კერძოდ დანისა და ცულის გამოყენებით, მიაყენეს სხვადასხვა დაზიანებები პოლიციის თანამშრომლებს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულ იქნა 5 პირი.” – თქვა მან TV პირველთან ინტერვიუში.
დაშავებული პოლიციელებიდან ორი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ორი კი სამედიცინო ქსელ „გორმედში“ განაგრძობს მკურნალობას.
სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის უფროსის, გიორგი ჯავახიშვილის ინფორმაციით, მათთან მოთავსებულ ორივე პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა:
მოყვანილია 2 კაცი, ჭრილობებით სხეულის არეში. ორივესთან ჩატარებულია ოპერაციული მკურნალობა. ამჟამად, მდგომარეობა სტაბილურია, შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სირთულეს, უტარდებათ პოსტოპერაციული მკურნალობა. ორივენი იმყოფებიან პალატაში, ქირურგიულ განყოფილებაში. შეესაბამება დაავადების მდგომარეობას. ნაკვეთი ჭრილობებია წელის არეში. ერთთან არის შემავალი მუცლის ღრუში, მეორესთან რბილი ქსოვილების დაზიანება” – ამბობს გიორგი ჯავახიშვილი.
ამასთან, დაჭრილი და დაშავებული პოლიციელები შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ მოინახულა.
მინისტრთან ერთად, დაზარალებული სამართალდამცველები პირველმა მოადგილემ, როლანდ მესხმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, კახაბერ მურადაშვილმა მოინახულეს.