როგორაა დაცული უსაფრთხოება ბათუმის სანაპიროზე

დაღუპვის ერთი შემთხვევა, კიდურის ამპუტაცია, თავის ქალის მძიმე ტრავმები, სხვადასხვა სახის მძიმე თუ მსუბუქი დაზიანებები – ეს ის ჩამონათვალია, რომელიც სულ ცოტა, ბოლო ორი განმავლობაში მიიღეს ს ზღვაში დამსვენებლებმა.
ტურისტების თქმით, ზღვაში შესვლის დროს ისინი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, რადგან საზღვაო ტრანსპორტი საცურაო ზოლთან ახლოს მოდის, რაც იწვევს ზღვაში მყოფი ადამიანების დაზიანებას. ბოლო პერიოდში მინიმუმ ორი შემთხვევა იყო, როცა მძღოლის გარეშე მოძრავმა კატერმა და სკუტერმა დამსვენებლებს საფრთხე შეუქმნა.
ერთ შემთხვევაში სკუტერი ნაპირზე შევარდა, მეორე შემთხვევაში კი მძღოლის გარეშე დარჩენილი კატერი ზღვაში მოძრაობდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ირგვლივ მყოფ პირებს.
„ბათუმელები“ ორ კლინიკას ესაუბრა და ჰკითხა, რამდენი პაციენტი მიიღეს ზღვის ტრანსპორტისგან მიღებული დაზიანებებით?
კლინიკა BMC-ში, სულ სამ მძიმე შემთხვევას იხსენებენ, როცა დაშავებული ადამიანების გადარჩენა ძლივს მოხერხდა.
„სადღაც ივნის-ივლისის პერიოდში იყო 3 შემთხვევა. ერთი იყო უცხოელი ტურისტი, რომელსაც კატერი შეეჯახა და ძალიან მძიმედ იყო, ძლივს მოხერხდა მისი გადარჩენა.
მეორე დაშავებული იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სერფინგის დაფაზე იდგა და „ბანანმა“ ისე სწრაფად მოუხვია, რომ თოკი მოხვდა სახეში და მიიღო ისეთი მძიმე დაზიანება, რომ მის გადარჩენასაც არ ველოდებოდით. მესამე შემთხვევაშიც დაშავებული იყო ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ასევე დასჭირდა ქირურგების ჩარევა“, – გვეუბნებიან კლინიკაში.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი სულ ცოტა 10 შემთხვევაზე გვესაუბრებიან.
„ზღვის სანაპირო ზოლიდან მოყვანილი პაციენტების დაზიანებებიდან, ორი იყო ყველაზე მძიმე. ერთ-ერთი დაშავებული იყო უცხოელი ტურისტი, რომელსაც თავის ქალა-ფუძის ტრავმა ჰქონდა და სამი დღეა, რაც გაეწერა საავადმყოფოდან. მეორე შემთხვევაში, მძიმე ტრავმა მიიღო საქართველოს მოქალაქემ, ახალგაზრდა კაცი იყო, რომელსაც დასჭირდა კიდურის ამპუტაცია.
სხვა იყო შედარებით მსუბუქი ტრავმები. მაგალითად მხრის ამოვარდნა, მოტეხილობა, დაჟეჟილობები“, – ამბობს გადაუდებელი მედიცინის ექიმი, ჯუმბერ ბოლქვაძე.
„ბათუმელები“ ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს და ადგილობრივებს ესაუბრა და ჰკითხა, მათი აზრით, რამდენად დაცულია სანაპირო ზოლზე უსაფრთხოება და თავად თუ გრძნობენ უსაფრთხოდ თავს, ზღვაში ცურვის დროს.
ანანო ჯანელიძე, რომელიც ერთი კვირაა რაც ბათუმში ისვენებს, ამბობს, რომ პირადად მას რაიმე ინციდენტი არ ჰქონია, თუმცა დაუნახავს, როგორ დაეჯახა „ბანანი“ ნაპირზე მყოფ გოგონას.
„ნაპირზე როცა შემოვიდა „ბანანი“, მაშინ მოხვდა მისი კიდე თავში ერთ გოგონას. ამიტომ კარგი იქნება მეტი უსაფრთხოება.
ვამჩნევ, რომ სამაშველო ნავები ხშირად გამოდიან, მაგრამ ადამიანების დაშავების ფაქტებზეც მსმენია და ეს ცუდია“, – გვეუბნება ის.
ზღვაში ყოფნის დროს მთლად უსაფრთხოდ ვერც არჩილ ჭიკაიძე გრძნობს თავს. ამბობს, რომ თუ შორს გადის ნაპირიდან, აქვს განცდა, რომ შეიძლება რამე მოხდეს.
„შენ უნდა აკონტროლო, რომ რაიმე არ დაგეჯახოს, თუ მოგიახლოვდა, უნდა ანიშნო და ასე შემდეგ. ამის გამო ვერიდები ხოლმე შორს გასვლას ზღვაში. კარგი იქნება სანაპიროდან ცოტა მოშორებით რომ მოძრაობდეს ეს ტრანსპორტი, რადგან ზღვაში როცა შედიხარ და ახლოს ჩაგივლის, სკუტერი იქნება ეს თუ კატარღა, მერე აღარ გაქვს უსაფრთხოების განცდა“, – გვეუბნება არჩილ ჭიკაიძე.
ის ჰაერის დაბინძურების თემასაც შეეხო, მისი თქმით, როცა სანაპირო ზოლზე ახლოს ცურავს ტრანსპორტი, იგრძნობა საწვავის სუნი, რაც ასევე დისკომფორტია დამსვენებლებისთვის. „ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა“, – ამბობს არჩილ ჭიკაიძე.
საწვავის სუნზე გვესაუბრება მაკა ნადირაძეც. „გასაგებია, რომ ბიზნესია და ადამიანები ცდილობენ რაღაც გამოიმუშაონ, მაგრამ საწვავის სუნი მაინც არ არის სასიამოვნო და ეს პრობლემაა. ამიტომ, კარგი იქნება თუ უფრო მოშორებით იმოძრავებს ტრანსპორტი“, – გვეუბნება ის.
„წინა წლებში გაცილებით მეტი ტრანსპორტი მოძრაობდა ზღვაზე, წელს თითქოს უფრო ნაკლებია, მაგრამ საფრთხე მაინც არსებობს.
ზოგიერთი ადამიანი ძალიან დაუდევრად იქცევა, რადგან ვერ მართავს ტრანსპორტს, ზოგიც შორს შედის ზღვაში და ამით უქმნის თავს საფრთხეს. წესით ამ ყველაფერს უნდა არეგულირებდეს სანაპირო დაცვა, მარტო სამაშველოს პრეროგატივა ხომ არ არის ეს“, – გვეუბნება ხათუნა შავშიშვილი.
მისი თქმით, შტორმის გარდა, სხვა რაიმე რეკომენდაცია უსაფრთხოებაზე არასდროს მოუსმენიათ შესაბამისი სამსახურებიდან.
„ერთადერთი რეკომენდაცია, რაც მომისმენია უსაფრთხოებაზე არის ის, რომ თუ შტორმია და დიდი ტალღებია, გვეუბნება სამაშველო, რომ არ შევიდეთ ზღვაში, სხვა უსაფრთხოებაზე არაფერი მომისმენია. ალბათ საჭიროა უსაფრთხოებაზე რეკომენდაციებიც“, – გვეუბნება ხათუნა.
ელენე ობოლაშვილიც მიიჩნევს, რომ შესაბამისმა სამსახურებმა მეტი კონტროლი უნდა გაუწიონ საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობას სანაპირო ზოლზე, რომ უკონტროლობამ არ გამოიწვიოს ადამიანების დაზიანება ან დაღუპვა.
„ძირითადად ვერ ვგრძნობ ხოლმე თავს უსაფრთხოდ, როცა წყალში შევდივარ, რადგან ძალიან ბევრი ტრანსპორტი მოძრაობს სანაპიროზე. მეორე მხრივ, ეს კატერები თუ იახტები ასე ახლოს რომ დადის სანაპიროზე, ბენზინის სუნი იგრძნობა, რაც არ არის სასიამოვნო.
ამასთან, ზღვის ტრანსპორტზე შეიძლება ბევრი გამოუცდელი დამსვენებელი იჯდეს, ვერ გათვალოს მანძილი და ახლოს მოვიდეს ნაპირთან, ხოლო ვინც კარგად ცურავს და უნდა, რომ ცოტა ღრმად შევიდეს ზღვაში, მათ ექმნებათ საფრთხე ამ ტრანსპორტისგან.
მე ვცდილობ, არ გავიდე შორს. თუმცა მირჩევნია, რომ ამ ტრანსპორტისთვის ცალკე სივრცე იყოს გამოყოფილი“, – გვეუბნება ელენე.
ნიკა თუთბერიძე კი მიიჩნევს, რომ თუ დამსვენებლები მეტი ყურადღებით იქნებიან, აღარც პრობლემა იარსებებს.
„ტივტივას იქეთ თუ არ წახვალ, მშვენივრად იქნები. „ბანანი“ კი შემოდის ნაპირზე და ალბათ უნდა შემოვიდეს, რომ აიყვანოს დამსვენებელი, მაგრამ შეიძლება ცალკე მისადგომიც იყოს ამ ტრანსპორტისთვის და საფრთხეც ნაკლები იქნება“, – გვეუბნება ის.
კანონმდებლობის მიხედვით, საზღვაო სივრცეში გასართობი თუ სხვა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტია.
„ბათუმელებმა“ შს სამინისტროსაც ჰკითხა, თუ რა ზომებს იღებს აღნიშნული უწყება იმისთვის, რომ ადამიანებმა არ მიიღონ ტრავმები დასვენების დროს და არ შეექმნათ მათ სიცოცხლეს საფრთხე რეგულაციების დარღვევის გამო.
შს-ში გვეუბნებიან, რომ „უფლებამოსილების ფარგლებში, ყოველდღიურად, აქტიურად ახორციელებენ საზღვაო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო შესაბამის ღონისძიებებს და საზღვაო სივრცის საპასუხისმგებლო არეალში სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ტარდება შესაბამისი სამართლებრივი ზომები, მათ შორის ხორციელდება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება“.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისიდან 22 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საზღვაო სივრცის საპასუხისმგებლო არეალში სამართალდარღვევის 533 ფაქტი გამოავლინეს.
არ აზუსტებს, რამდენია კონკრეტული ჯარიმა რეგულაციების დამრღვევ პირზე.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge