რობინ ვაგენერი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება – ამის შანსი არ არის

გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერი მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებაა. როგორც ის აცხადებს, ევროკავშირის დედაქალაქების ერთობლივი პოზიცია მკაფიოა – ამ გზით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდება.
რობინ ვაგენერი ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია, “რატომ გადაუხვია საქართველოს ხელისუფლებამ დასავლურ კურსს და აღნიშნული კანონის მიღებით ქვეყნის ევროინტეგრაცია შეაჩერა”.
როგორია თბილისისა და ევროკავშირის დედაქალაქებს შორის ურთიერთობა ახლა, როდის და რა სახის რეგულაციები და ზომები შეიძლება დაწესდეს ოფიციალური ბერლინისა და ბრიუსელის მიერ და იქნება თუ არა აღნიშნული კანონის გაუქმება საკმარისი იმისათვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს? – ამ და სხვა თემებზე გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
– ცოტა ხნის წინ თქვენ მონაწილეობა მიიღეთ თბილისში გამართულ კონფერენციაში „ევროკავშირის გაფართოება: გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდეგი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“. გარდა ამისა, თქვენ გქონდათ შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. როგორ შეაფასებდით ამ შეხვედრებს? რა იყო თქვენი დისკუსიის ძირითადი თემები და გზავნილები?
– ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განვიხილეთ და რაც საქართველოსთვის ამ მომენტისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა ევროკავშირში წინსვლისთვის, არის ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ საკითხი, მაგრამ ასევეა LGBTIQ-ს წინააღმდეგ კანონმდებლობა, რომელიც მიღების პროცესშია და ასევე, ძალიან პოლარიზებული რიტორიკა ამ მომენტში. ეს არის ძალიან აგრესიული სიტუაცია.
გარდა ამისა, იყო დიდი შეშფოთება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან და მე ძალიან ნათლად განვაცხადე გუშინ კონფერენციაზე და ასევე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას, რომ ამ კანონთან ერთად აღარ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება. ამ კანონმდებლობით და ამ გზით ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდება და ეს განცხადება ძალიან მკაფიოდ გააკეთა ევროპულმა საბჭომ, გერმანიის კანცლერმა. მე ვარ აქ, რათა მოგაწოდოთ კიდევ ერთხელ ეს შეტყობინება.
– „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი ქვეყანაში კვლავ განხილვადი თემაა. იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მმართველ პარტიას ბევრჯერ მოუწოდეს კანონი უკან გაეწვია, საქართველოს პარლამენტმა კანონზე პრეზიდენტის ვეტო მაინც დაძლია. ამის გამო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ბევრი თვალსაზრისით გაუარესებულია. როგორ შეაფასებდით ახლა თბილისსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს შორის არსებულ ურთიერთობას?
– იმასაც დავამატებ, რომ შარშანაც თითქმის იგივე კანონი იყო განხილვაში შეცვლილი სახელწოდებით. გასულ წელს იყო ძალიან მკაფიო გზავნილები ევროპის დედაქალაქებიდან და იყო დაპირება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს აღარ განმეორდებოდა. შემდეგ იყო გადაწყვეტილება და მეც პირადად მხარს ვუჭერდი ამ გადაწყვეტილების გავრცელებას, ევროკავშირის ღიაობას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რაც მიღებული იყო გარკვეული რეფორმების გატარების მოლოდინში და ეს რეფორმები სხვა მიმართულებებთან ერთად ქვეყნის დეპოლარიზაციას, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან უკეთეს თანამშრომლობას გულისხმობს.
ახლა კი, შარშანდელი დაპირებების მიუხედავად, ისევ იგივე კანონს ვხედავთ და ეს დიდი იმედგაცრუებაა. პირადად მე ნამდვილად ვიყავი კანდიდატის სტატუსის მომხრე. ეს აშკარა დაბრკოლებაა. ეს არის შეფასება ევროპის დედაქალაქებში, რომ ამ გზით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება და მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მკაფიო უნდა იყოს ქვეყანაში. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში უნდა იქნას მიღებული, მაგრამ ჩვენი, როგორც ევროკავშირის და როგორც ევროპული სახელმწიფოების პოზიცია ძალიან ნათელია. ამ კანონით, ამ კურსით, აღარ არის გზა ევროკავშირისკენ.
– დასავლეთის ქვეყნების ლიდერებისა და წარმომადგენლებისგან ხშირად გვესმის და თქვენც აღნიშნეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა „გაიყინოს“ არსებულ ვითარებაში. 10 ივლისს გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა: „მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ქმედებებიდან გამომდინარე, ევროპულმა საბჭომ 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ. საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. რაც შეეხება გერმანიას, ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან. გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა გააუქმეს მონაწილეობა „Noble Partner“-ის წვრთნებში. მოკლედ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია“. 9 ივლისს ასევე იყო საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ს განცხადებაც ჟურნალისტებთან. მან თქვა: „ამ დროისთვის გაყინულია ის თანხა, რომლის გადარიცხვასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, რომელიც შეადგენს 30 მილიონ ევროს, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იქნება სხვა ნაბიჯები. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას შეეზღუდება და ვეცდებით, საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა მივმართოთ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მიმართულებით”. შეგიძლიათ გვითხრათ, როდის და კიდევ რა სახის რეგულაციები და ზომები შეიძლება დაწესდეს ოფიციალური ბერლინისა და ბრიუსელის მიერ საქართველოს მიმართ?
– რა უნდა გაკეთდეს ამ მომენტში? უპირველეს ყოვლისა, ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია – არ იქნება შემდგომი გაწევრიანება. ეს ყველაფერი მიღწეულია და ეს არაა შემთხვევითი პროცესი, არამედ ის გამოწვეულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ევროკავშირი კვლავ დაინტერესებულია შემდგომი გაწევრიანებით და ასევეა ქართველი ხალხიც. ჩვენ ამას ვხედავთ და ძალიან შთამბეჭდავია, რომ ამდენი ადამიანი აპროტესტებს კანონს და სურთ ევროკავშირის გზაზე გასვლა. მაგრამ ასევე ცხადია, რომ ჩვენ არა მხოლოდ ევროკავშირის პროგრამების, არამედ გერმანულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის მრავალი სფეროს გადახედვა მოგვიწევს.
ერთი რამ უნდა აღინიშნოს, ეს არის მხოლოდ სამხედრო სფერო, ეს არის სხვა მრავალი მიმართულება, მაგალითად, განვითარების სააგენტოები, ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ მოგვიწევს ამ პროცესის გადახედვა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ძალიან მკაფიო ვიყოთ, რომ ჩვენი რეაქცია არ ეხება საქართველოს მთელ მოსახლეობას, ვისაც სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი. ჩვენ გვინდა გვქონდეს ლიბერალური დემოკრატია და გავაგრძელოთ ეს გზა, რომ გადავხედოთ ყველა პროგრამას და ნათლად გავარკვიოთ, რომელი გაგრძელებაა და რომელი არა. ეს არის ის, რაც ხდება ამ მომენტში. მაგრამ ამას ძალიან ნათელი შედეგები მოჰყვება. არავითარი შემდგომი პროგრამები, არამედ გადაიხედება ის პროგრამებიც, რომლებიც წარსულში იყო გადაწყვეტილი.
– თქვენ ახლა აღნიშნეთ, რომ არ გსურთ საქართველოს მოსახლეობის „მიზანში ამოღება“, მაგრამ თუ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება, ათასობით ქართველს შეეზღუდება ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა. როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა ეს ევროკავშირის ქვეყნების სამართლიანი გადაწყვეტილება – შეიზღუდოს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა?
– მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევზღუდოთ უვიზო მიმოსვლა ამ მომენტში და ეს არ არის გერმანიის პოზიცია, რომ შეზღუდოს იგი. ჩვენ გვინდა, რომ ქართველმა ხალხმა შეძლოს ევროკავშირში შემოსვლა. ისინი დაინტერესებულნი არიან, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და ვფიქრობთ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ გამოცდილება ევროკავშირში – ესტუმრნონ და ნახონ, როგორია ის. ეს ასევე ჩვენ ქვეყნებს შორის რეალური ინფორმაციის გაცვლის ნაწილია. ასე რომ, ეს არ არის მიზნობრივი. მაგრამ საუბარია პროგრამების მიმოხილვაზე, განსაკუთრებით იმ პროგრამებზე, რომელიც პირდაპირ მხარს უჭერს ან აფინანსებს სამთავრობო სტრუქტურებს. ის ასევე შეიძლება მოიცავდეს იმ პროგრამებს, სადაც მოქალაქეებიც იღებენ სარგებელს. იქნება შედეგები, რომელიც შეიძლება დაინახოს და იგრძნოს ფართო მოსახლეობაც.
– არის თუ არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი მთავარი წინაღობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. იქნება თუ არა აღნიშნული კანონის გაუქმება საკმარისი იმისათვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები გაუმჯობდესდეს და ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს?
– მე ვიტყოდი, რომ წინაღობა მხოლოდ ეს კანონი არ არის, რადგან ჩვენ გვაქვს ევროპულ გზასთან დაკავშირებული დაბრკოლებების პაკეტი და მე არ ვიტყოდი, რომ ისინი მხოლოდ დაბრკოლებებია, ეს არის ნათელი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია აქ, საქართველოში, რომ სხვა გზით წავიდეს ქვეყანა. ევროკავშირმა გააღო კარი კანდიდატის სტატუსით და შემდეგ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა შემობრუნებულიყო და სხვა მიმართულებით წასულიყო. ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე თვალსაჩინოა, ასევე არის გამჭვირვალობა, LGBTIQ+ კანონმდებლობა, რომელიც გამიზნულია ამ უმცირესობის ჯგუფების წინააღმდეგ. ასევე არის რიტორიკა. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, თუ არსებობს ქვეყნის კონსტიტუცია, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანას სურს იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე კანდიდატის სტატუსის მიღების სურვილის შესაბამისად მიღებულ იქნა სტატუსი და შემდეგ მოხდა კანონის შემოტანა და მისი დასაბუთება, რომ ის შეერთებული შტატების და ევროკავშირის გავლენების წინააღმდეგ არის მიმართულია, მე საერთოდ არაფერი მესმის და ეს არ შეესაბამება ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. საბოლოო ჯამში, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია. ასე ხდება დემოკრატიაში. საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია ქვეყნის მიზნები.
– შემოდგომაზე საქართველოში არჩევნები იგეგმება. რას ურჩევდით საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს? რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არჩევნები დემოკრატიულ და ჯანსაღ გარემოში ჩატარდეს?
– ძალიან ნათელია, რომ საქართველოში სამართლიანი, კონკურენტული არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს ასეც მოხდეს, ეს არის ის, რასაც საქართველოს ხალხი იმსახურებს და ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ასევე ქვეყნის სურვილია, რომ არჩევნებზე წარმოდგენილი იყოს სადამკვირვებლო მისია, რათა ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები იყოს.
ჩვენ, ასევე, მხარს დავუჭერთ არჩევნების სადამკვირვებლო მისიას. არჩევნები ევროკავშირის გზაზე ქვეყნის გადაწყვეტილების ერთ-ერთი ნაწილია. მე შემიძლია მხოლოდ პოლიტიკური გზავნილი ვუთხრა როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს და საქართველოს ხალხს, რომ ამ კანონმდებლობით და ამ მიზეზით, ამ დროისთვის, აღარ იქნება ევროპული გაწევრიანება და ეს ძალიან ნათელი უნდა იყოს. ამის შანსი არ არის და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული. ყველა პარტიას, რომელიც ამ არჩევნებში მონაწილეობს, ხელისუფლებას თუ ოპოზიციურ პარტიას, შეუძლია დაფიქრდეს ამაზე და იფიქროს თავის საქმიანობაზე.
– 1-ელ ივლისს უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. კიევში ვიზიტის შემდეგ უკვე იმყოფებოდა რუსეთში და იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის ლიდერები მოსკოვთან პირდაპირ კომუნიკაციაზე უარს აცხადებენ, უნგრეთის პრემიერმა კრემლში ვლადიმერ პუტინთან ოფიციალური შეხვედრები გამართა. როგორ შეაფასებდით ვიზიტს და რა პრობლემები შეუძლიას შეუქმნას ევროკავშირს უნგრეთის პრეზიდენტობამ?
– ძალიან ცხადი უნდა იყოს, რომ ორბანი არ წარმოადგენდა ევროკავშირს. ის არის ევროპის მოქალაქე, მაგრამ არ წარმოადგენდა ევროკავშირს. მოსკოვში ამ ვიზიტის მანდატი არ არსებობდა. ევროკავშირის პოზიცია ძალიან ნათელია, ასევე ძალიან ნათელია გერმანიის პოზიცია. ეს მხოლოდ უნგრეთის პერსპექტივაზე იყო ორიენტირებული. ამიტომ ის საერთოდ არ წარმოადგენდა ევროკავშირს ამ ვიზიტის დროს და საბოლოოდ, ვიზიტი უსარგებლო იყო.
კრემლის მიერ ამ ვიზიტზე გაცემული პასუხი ნათლად გამოჩნდა ერთი დღის შემდეგ ს ბავშვთა საავადმყოფოზე საშინელი ტერორისტული თავდასხმით, სადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა ში. ეს არის კრემლის პასუხი სამშვიდობო პოლიტიკაზე, მისი პასუხია შემდგომი აგრესია. ასე რომ, ამ ვიზიტებს აზრი არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ევროკავშირის სახელით, ეს არ არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია.
ბექა ბერიაშვილი
“ინტერპრესნიუსი”