რობინ დანიგანი: „ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას. რატომ გავაკეთეთ ეს?“

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ამბობს, რომ საქართველოსადმი დახმარების იმ ნაწილს აჩერებს, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება. თუმცა გრძელდება სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა. ასევე გრძელდება საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარება.
ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, რაც აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერების შესახებ ს 31 ივლისის განცხადებას მოჰყვა.
„თქვენ იკითხეთ სახელმწიფო მდივნის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას. რატომ გავაკეთეთ ეს? ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებებზე, რაც ძალიან გვაწუხებს – ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა კანონი უცხოური გავლენის შესახებ, ასევე სხვა ქმედებები და ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა შეერთებული შტატებისა და დასავლეთის შესახებ.
ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას გადახედოს მის ქმედებებს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ გადავხედავთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას. გუშინ კი მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ ამ განხილვის შედეგად, ის აჩერებს ჩვენი დახმარების გარკვეულ ნაწილს, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება. ჩვენ ვაგრძელებთ სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას. ასევე გაგრძელდება ჩვენი დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ. როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა, ყველაფერი განხილვის პროცესშია. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ ქმედებებმა და დეზინფორმაციამ გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას, გახდეს დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრი“, — ამბობს ელჩი დანიგანი.
როგორც ენტონი ბლინკენის განცხადებაში იყო აღნიშნული, აშშ ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული რჩება. იგივე დაადასტურა ელჩმა დანიგანმა ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ აშშ ურთიერთობის აღსადგენად მზად არის, როგორც კი საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს პირვანდელ კურსზე დასაბრუნებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”