სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ღია წერილით მიმართავს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის დაბლოკვით იმუქრება.
„ვაფასებ ევროკომისიის ძალისხმევას, შესთავაზოს სლოვაკეთის რესპუბლიკას გადაწყვეტილებები 2028 წლის 1 იანვრის შემდეგ რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის წინადადების (REPowerEU) უკიდურესად ნეგატიური შედეგების მოსაგვარებლად და მადლობას გიხდით 2025 წლის 15 ივლისის წერილისთვის. სლოვაკეთის რესპუბლიკა არასდროს დაუჭერს მხარს REPowerEU-ს გაზის მიწოდების საკითხში, რადგან ეს ზიანს მიაყენებს სლოვაკურ ოჯახებსა და ეკონომიკას და კიდევ უფრო შეამცირებს მთელი ევროკავშირის კონკურენტუნარიანობას. ამ წინადადების წარდგენით, ევროკომისია უხეშად უგულებელყოფს ევროპის საბჭოს მიერ დამტკიცებულ პოლიტიკურ მანდატს. ჩემი, როგორც სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრულია და არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი“, – აღნიშნულია ფიცოს წერილში.
მისი განცხადებით, სლოვაკეთი REPowerEU-ს წინადადებას სანქციად მიიჩნევს და მას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეთავაზებული სანქციების მე-18 პაკეტს უკავშირებს.
„ამიტომ, ჩვენ ველით, რომ მე-18 პაკეტზე კენჭისყრა მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც 2028 წლიდან გაზმომარაგების სფეროში REPowerEU-სთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკები მოგვარდება“, – წერს ფიცო.
მისი მტკიცებით, ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილის შინაარსის მიღებასთან დაკავშირებით სლოვაკეთის პოლიტიკურ არენაზე არანაირი კონსენსუსი არ არსებობს და უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციასაც.
„უცნაურად მივიჩნევდი, თუ, REPowerEU სტრატეგიის მიმართ ჩემი აშკარა უარყოფის გათვალისწინებით, სლოვაკეთში მხოლოდ მე ვიქნებოდი პასუხისმგებელი თქვენი გარანტიების მიღებაზე, რომლებიც, ზოგადად, ძალიან ბუნდოვნად ითვლება“, – წერს ფიცო.
ის ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავს, მომდევნო საათები და დღეები სლოვაკეთის მთავრობასა და ევროკომისიას შორის დიალოგის გასაგრძელებლად გამოიყენოს.
„კერძოდ, იმ ვალდებულებების მკაფიო ინტერპრეტაციის ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებსაც ევროკომისია იღებს პოლიტიკურ დონეზე და რომლებიც ჩამოყალიბებულია თქვენს 2025 წლის 15 ივლისის წერილში. მანამდე კი, სლოვაკეთის რესპუბლიკა მოითხოვს მე-18 სანქციების პაკეტზე კენჭისყრის გადადებას“, – წერს ფიცო.
