რობერტ ფიცო უკიდურესად გაბრაზდა სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტს, პიტერ პელეგრინის ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

სლოვაკეთის პრორუსი პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკიდურესად გაბრაზდა სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტს, პიტერ პელეგრინის ხელი არ ჩამოართვა.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ცენტრალური ევროპის მათემატიკური ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი სიმონ ომანიკი ქვეყნის განათლების მინისტრის, ტომას დრაკერის ხელიდან იღებს მედალს გამარჯვებისთვის, ხოლო ს პრეზიდენტის მიერ გაწვდილ ხელს ნეგატიური ჟესტით პასუხობს.

როგორც ღონისძიების შემდეგ მოზარდმა თქვა, ეს იმიტომ გააკეთა, რომ არ ეთანხმება პელეგრინის პოლიტიკურ პოზიციას. მან სლოვაკეთის პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებში “მოტყუებითა და სიცრუით” გამარჯვებაში დაადანაშაულა, მათ შორის, ომის თემით მანიპულირებით, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გააჩაღა.
„არა მგონია, სწორი იყოს ასეთი ადამიანისთვის ხელის ჩამორთმევა ან მასთან ურთიერთობა, რადგან არ ვეთანხმები მას და ვფიქრობ, რომ ის არის თაღლითი და მატყუარა.“ – განაცხადა ომანიკმა.
თავად სლოვაკეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “არ შეიძლება, პატივი არ სცეს ასეთ ჟესტს”.
„მეორე მხრივ, ისე ვიყავი აღზრდილი, რომ მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, არასდროს მითქვამს უარი პოლიტიკური ოპონენტებისთვის ხელის ჩამორთმევაზე. წესიერება და აღზრდა ყოველთვის მაიძულებს, პოლიტიკურ ოპონენტებთან თავაზიანად მოვიქცე.“ – განაცხადა პელეგრინიმ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ გაბრაზებულმა ისაუბრა სიმონ ომანიკზე, რომელსაც კოსტიუმზე უკრაინის დროშა ჰქონდა დამაგრებული. “ფეისბუქ”-ის საკუთარ გვერდზე იგი ვარაუდობს, რომ მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული საკმარისად არ დაისაჯა.
„სკოლაში სწავლის დროს, თუკი ვწუწუნებდი, რომ მასწავლებელი თმას მიჩეჩავდა, დედაჩემი კიდევ ორჯერ მირტყამდა, რადგან მასწავლებელი ყოველთვის პატივმოყვარე და მართალი იყო.“ – ამბობს ფიცო.
მისი თქმით, მოზარდისთვის, ვინც პრეზიდენტს ხელი არ ჩამოართვა, ჯილდო უნდა წაერთმიათ. “პრეზიდენტი შეცდა, როცა თქვა, რომ სტუდენტს პატივს სცემს. აქ პატივსაცემი არაფერია.” – დაასკვნა ფიცომ.

ასევე, მან მოსწავლის მხარდამჭერი ჟურნალისტებიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „სოროსის ზოგიერთი მედია სახელმწიფოს პირდაპირ ეთერში ანგრევს“.