რობერტ სტურუას სპექტაკლ “ვეფხისტყაოსანის” დადგმისთვის განათება ხალხს თითქმის ერთი მილიონი ლარი დაუჯდა. რუსთაველის თეატრის სცენისთვის საჭირო 28 სანათისთვის 820 ათას 400 ლარია გადახდილი. ეს ყველაფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო – შესყიდვა გამარტივებული წესით ჩატარდა და კონტრაქტი „სმართ ჰაუს ენდ ოფისთან“ ისე დაიდო, რომ კომპანიის შესახებ თეატრს ინფორმაცია არ ჰქონდა.
რობერტ სტურუას სპექტაკლის პრემიერა სამი დღის წინ შედგა, თუმცა სპექტაკლისთვის საჭირო განათებების შეძენის თხოვნით კულტურის სამინისტროს რუსთაველის თეატრმა გასულ წელს მიმართა. კულტურის სამინისტრო ამტკიცებს, რომ განათებები ამ სპექტაკლისთვის არ უყიდია, თუმცა, სატენდერო დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ 28 სანათი სწორედ ამ სპექტაკლ ვეფხისტყაოსნის დადგმისთვისაა საჭირო. მეტიც 820 ათას ლარიანი განათებების შესაძენად, ნებართვა ირაკლი კობხიძგან აიღეს, და მთავრობასთან შეთანხმდა, რომ ერთ განათებაში 29 ათას 300 ლარი გადაეხადათ.
ტენდერი არ გამოცხადებულა, კონკურენცია არ ყოფილა. კომპანია “სმართ ჰაუს ენდ” ოფისი ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეარჩიეს. რუსთაველის თეატრის დირექტორი შესყიდვაზე პასუხისმგებლობას სრულად კულტურის სამინისტროს აკისრებს, სადაც წერილობით გვპასუხობენ, რომ კონტრაქტი ბაზრის კვლევის საფუძველზე დაიდო. ირკვევა, რომ რუსთაველის თეატრი 820 ათას ლარად ღირებული განათებები არ ყოფნის და ახლა ორჯერ უფრო მეტის შეძენას ითხოვს.




