რკინიგზის მოგება 176 მლნ ლარით შემცირდა – როგორ შეიცვალა კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები

საქართველოს რკინიგზამ 2023 წლის 9 თვე 102 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურა.
ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში რკინიგზის შემოსავალი 481 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 10 მილიონი ლარით ნაკლებია, ხოლო წმინდა მოგებამ 102.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 176 მილიონი ლარით ნაკლებია.
წმინდა მოგების შემცირების მიზეზია ისაა, რომ გასულ წელს ეროვნული ვალუტა გამყარდა, რამაც რკინიგზის მთლიანი ვალის მოცულობა ლარებში შეამცირა, ეს კი ფინანსურ ანგარიშში 126.5 მილიონი ლარის შემოსავლად აისახა. შესაბამისად გასული წლის 9 თვის 278-მილიონიანი მოგების მნიშვნელოვანი მდგენელი საკურსო სხვაობით მიღებული მოგება იყო, წელს კი ასეთი დინამიკა აღარ დაფიქსირებულა.
საქართველოს რკინიგზის 481 მილიონიანი შემოსავალი ასე ნაწილდება:
· სარკინიგზო გადაზიდვები – 261.5 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 33 მლნ ლარი;
· ტვირთის მომსახურება – 63 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 3 მლნ ლარი;
· ლოგისტიკური სერვისები – 105 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 12 მლნ ლარი;
· ვაგონების ტრანს-სასაზღვრო მომსახურების მოსაკრებელი – 11.5 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 6 მლნ ლარი;
· ვაგონების გაქირავება – 3.1 მილიონი ლარი, კლება 1.3 მლნ ლარი;
· სამგზავრო გადაყვანები – 33 მილიონი ლარი, ზრდა 13 მლნ ლარი;
· სხვა – 4 მილიონი ლარი, კლება 3 მლნ ლარი;
· მთლიანი შემოსავალი – 481 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 10 მილიონი ლარი.
გაზრდილია კომპანიის სახელფასო დანახარჯი და მასში დასაქმებული 12 ათასი პირის ხელფასებზე 175.7 მილიონი ლარი გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 31 მილიონი ლარით მეტია.
რკინიგზის აქტივების ზომაა 2.5 მილიარდი ლარი, ხოლო ვალდებულებებია 1.4 მილიარდი ლარი.