„რკინიგზაზე მენეჯმენტის მიერ არ გატარებულა რაიმე ისეთი ღონისძიება, რომელიც გააუმჯობესებდა სარკინიგზო კომპანიის მუშაობის ეფექტიანობას“ – დავით გოჩავა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 7%-ით შემცირდა და 3 მილიონი ტონა შეადგინა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კლება განპირობებულია სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობის 8.5%-ით შემცირებით. შემცირდა ქვეყნის შიდა გადაზიდვებიც. კლება 35%-იანია. სანაცვლოდ, გაზრდილია საქართველოდან უცხოეთში გადაზიდვები.
რა ფაქტორებმა მოახდინა გავლენა სარკინიგზო გადაზიდვების მოცულობის შემცირებაზე? კითხვით „კომერსანტმა“ სარკინიგზო საკითხების ექსპერტს დავით გოჩავას მიმართა. ექსპერტი საქართველოს რკინიგზაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს და ამბობს, რომ მენეჯმენტის მხრიდან მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით არ გატარებულა შესაბამისი ღონისძიებები.
,,ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი არის ის, რომ არაფერი არ იცვლება საქართველოს რკინიგზაზე. მენეჯმენტის მიერ არ გატარებული რაიმე ისეთი ღონისძიება, რომელიც გააუმჯობესებდა სარკინიგზო კომპანიის მუშაობის ეფექტიანობას და აამაღლებდა მას. არ იცვლება მუშაობის კულტურა. ყოველთვის ცდილობენ, რომ ყურადღება გაამახვილონ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე. ამბობენ, რომ გატარების უნარი მცირეა. იქ რაღაც ვიწრო ადგილი არსებობს. უნდა დაიგოს მეორე ლიანდაგი ან უნდა გაკეთდეს ხიდი. ან საბაჟო პროცედურები უნდა გამარტივდეს. არავინ არ საუბრობს იმ მდგომარეობაზე, რაც კომპანიის შიგნით არის. პრობლემა უპირველეს ყოვლისა კომპანიის შიგნით არის.’’- აცხადებს დავით გოჩავა.
ექსპერტი კიდევ ერთ პრობლემად სარკინიგზო კომპანიის თანამშრომლების დაბალ მოტივაციას ასახელებს. დავით გოჩავა ამბობს, რომ დასაქმებულები სამუშაოს უკეთ შესრულებაზე არ ფიქრობენ.
,,ეს არის კომპანია, რომელსაც მიზანი არ აქვს. მისი მუშაობის კულტურა ჩარჩენილია საბჭოთა კავშირის დროში. წარმოიდგინეთ, არსებობს კომპანია, ადამიანების ჯგუფი, ყველაზე დიდი დამსაქმებელი ქვეყანაში, რომელიც უაზროდ, ყოველგვარი სტრატეგიული მიზნის გარეშე მოქმედებს. ასეთ პირობებში არ წამოვა ტვირთი და არ არსებობს, რომ სარკინიგზო კომპანია გახდეს ეფექტიანი. ქვედა რგოლში, რკინიგზელის მიზანი არის თავის გადარჩენა. არავინ არ ფიქრობს სამუშაოს უკეთეს ხარისხში შესრულებაზე, მუშაობის გაუმჯობესებაზე. წარმოვიდგინოთ ნებისმიერი გუნდი, სადაც არ არსებობს მოტივაცია, არ არსებობს შინაგანი მოთხოვნილება, რომ კომპანიის თანამშრომელმა მუშაობა გააუმჯობესოს და ამის შედეგად კომპანიის მუშაობის ეფექტიანობა ამაღლდეს. ამას ყურადღებას არავინ არ აქცევს.’’- აცხადებს დავით გოჩავა.
სარკინიგზო საკითხების ექსპერტი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანად გადაზიდული ტვირთების რაოდენობის უმცირესი ნაწილი სარკინიგზო ტრანსპორტზე მოდიოდეს. უდიდესი ნაწილი კი საავტომობილო ტრანსპორტს გადააქვს, რაც სარკინიგზო კომპანიის არასწორ მუშაობაზე მიუთითებს.