რიჩარდ ქოქრილი: მსოფლიო თასამდე ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია

“ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელი რიჩარდ ქოქრილი ამბობს, რომ 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია 2027 წლის მსოფლიო თასამდე.
შეგახსენებთ, საქართველო წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატს, რომელიც ასევე ავსტრალიაში გასამართი მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, ხვალ, 1 თებერვალს შვეიცარიასთან მატჩით იწყებს. თამაში “ავჭალაზე” 16 საათზე დაიწყება.
“მოთამაშეების უმეტესობა ორშაბათს შემოგვიერთდა და მოკლე მოსამზადებელი კვირა გვქონდა, თუმცა კარგად ვივარჯიშეთ და თამაშისთვის მზად ვართ. შვეიცარია ამ დონეზე პირველად თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ მას პატივისცემით ვეპყრობით, დიდი ანგარიშით გამარჯვებას ველით.
მსოფლიო თასამდე დარჩენილ
პერიოდში, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. ეს ტურნირი აუცილებლად მოსაგები გვაქვს, რათა მსოფლიო თასზე საუკეთესო ჯგუფში მოვხვდეთ. სწორედ ამიტომაა ეს ჩემპიონატი განსაკუთრებული”, – აღნიშნავს ქოქრილი.
შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე ბევრჯერ – 16-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული, აქედან ბოლო 7 მიყოლებით (2018-2024 წლები). საქართველო შვეიცარიას ერთადერთხელ, 31 წლის წინ ეთამაშა და მაშინ სტუმრად მინიმალური სხვაობით, 22:21 გაიმარჯვა. რაც შეეხება მსოფლიო თასის საგზურს, მას რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხი ნახევარფინალისტი მიიღებს, მეხუთე გუნდი კი რეპეშაჟში ჩაერთვება.
Rugby.ge