რიჩარდ კოკერილი: მეტი კონტროლი მეტ ქულას მოგვიტანს

“შავი ლომის” მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი რაგბი ევროპის სუპერთასის პირველი თამაშით კმაყოფილია და გუნდს იმ დეტალების დახვეწაზე ამუშავებს, რომლებმაც მომდევნო მატჩებში უფრო დიდი წარმატება უნდა მოიტანოს.
ინგლისელი სპეციალისტის სადებიუტო შეხვედრაში “შავმა ლომმა”, რომლის რიგებში ასევე 9 დებიუტანტმა ითამაშა, ესპანური “იბერიანსი” ბურგოსში 54:3 დაამარცხა და ბონუს-ქულაც აიღო.
“კმაყოფილი ვარ “შავი ლომის” მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემი პირველი თამაშით. ძალიან კარგად დაგეგმილი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. როგორც საერთაშორისო მოთამაშეები, ასევე დებიუტანტები, ახალი სეზონისთვის კარგად არიან მომზადებული. რამდენიმე შესანიშნავი შეტევა გვქონდა და გავიტანეთ 8 ლელო.
გუნდი კარგ ფიზიკურ ფორმაშია და საიმედოდ ვითამაშეთ დაცვაში”, – აღნიშნავს კოკერილი.
“შავი ლომი” სუპერთასის ტიტულის დაცვას განაგრძობს და 21 სექტემბერს მთავარ კონკურენტს, პორტუგალიურ “ლუზიტანუშს” ლისაბონში, ჩვენი დროით 21 საათზე ეთამაშება.
“შემდეგი თამაშისთვის უნდა გავაუმჯობესოთ სიზუსტე და ბურთის ფლობა. “იბერიანსთან” ბურთი 22-ჯერ დავკარგეთ, რაც ჩვენი სტანდარტისთვის ძალიან ბევრია. ბურთის მეტი კონტროლი მეტი ქულის აღების შესაძლებლობას მოგვცემს“ – ამბობს კოკერილი და მომავალ მეტოქეს ახასიათებს:
“პორტუგალიის ნაკრების მსგავსად, “ლუზიტანუში” ღია, ექსპანსიური რაგბის მიმდევარია და თუ ამის საშუალებას მისცემ, ეს ძალიან კარგად გამოსდის. თამაში უნდა ვაკონტროლოთ და შევზღუდოთ მათი შესაძლებლობები. დაცვაში ყურადღებით უნდა გავისარჯოთ, რათა მოწინააღმდეგის შეტევებს გავუმკლავდეთ. შერკინებასა და დერეფანში, ასევე ფიზიკური და ფსიქოლოგიური კუთხით, ვფიქრობ უპირატესობა ჩვენს მხარეს იქნება“.
21 სექტემბრის შემდეგ, “შავი ლომი” სუპერთასზე კიდევ ორ საშინაო შეხვედრას გამართავს: 28 სექტემბერს “ავჭალაზე” “იბერიანსს”, ხოლო 12 ოქტომბერს “ლუზიტანუშს” უმასპინძლებს.