რიში სუნაკი მოსახლეობას – თქვენ გააგზავნეთ მკაფიო სიგნალი, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს, მოვისმინე თქვენი გაბრაზება და ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მარცხზე – მე დავტოვებ პოსტს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების შემდეგ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტს დატოვებს, მაგრამ არა დაუყოვნებლივ.
„ამ შედეგის შემდეგ, მე დავტოვებ პარტიის ლიდერის თანამდებობას, არა დაუყოვნებლივ, არამედ მას შემდეგ, რაც მოხდება ფორმალური შეთანხმებები ჩემი მემკვიდრის არჩევის შესახებ“, – აღნიშნა სუნაკმა „დაუნინგ სთრითის“ გარეთ, სადაც მან გამოსამშვიდობებელი განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობამ არჩევნებით გაგზავნა მკაფიო სიგნალი, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს.
„ყველაფერი მივეცი ამ საქმეს, მაგრამ თქვენ გააგზავნეთ მკაფიო სიგნალი, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უნდა შეიცვალოს და თქვენი გადაწყვეტილება ერთადერთია, რაც მნიშვნელოვანია. მე მოვისმინე თქვენი გაბრაზება, თქვენი იმედგაცრუება და ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მარცხზე“, – აღნიშნა სუნაკმა.
მისი თქმით, ამაყობს იმ მიღწევებით, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე 20 თვის განმავლობაში აქვს.
„როდესაც პირველად ვიდექი აქ, როგორც თქვენი პრემიერ-მინისტრი, გითხარით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც მქონდა, უნდა დამებრუნებინა ეკონომიკაში სტაბილურობა. ინფლაცია მიღწეულია სამიზნე დონემდე, იპოთეკური განაკვეთები ეცემა და ეკონომიკური ზრდა დაბრუნდა. გავაძლიერეთ ჩვენი პოზიცია მსოფლიოში, აღვადგინეთ ურთიერთობები მოკავშირეებთან, ვხელმძღვანელობთ გლობალურ ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად და გავხდით ახალი თაობის ტრანსფორმაციული ტექნოლოგიების სახლი. ჩვენი გაერთიანებული სამეფოც უფრო ძლიერია. ვამაყობ ამ მიღწევებით. მჯერა, რომ ეს ქვეყანა უფრო უსაფრთხო, ძლიერი და დაცულია, ვიდრე 20 თვის წინ იყო და ის უფრო აყვავებული, სამართლიანი და მდგრადია, ვიდრე 2010 წელს იყო“, – აღნიშნა სუნაკმა.