გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი კიევში ჩავიდა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად პრემიერი ავრცელებს.
„მე ვიმყოფები უკრაინაში, რათა გადავცე მარტივი გზავნილი: ჩვენი მხარდაჭერა არ შეიძლება შესუსტდეს და არ შესუსტდება. მივმართავ ყველა უკრაინელს: ბრიტანეთი თქვენთანაა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – წერს რიში სუნაკი.
მედიის ინფორმაციით, რიში სუნაკი ვიზიტის დროს გამოაცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას, მომავალი წლის განმავლობაში, 2,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს.
დახმარების პაკეტი, მოიცავს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს და საარტილერიო ჭურვებს. დაახლოებით 200 მილიონი ფუნტი სტერლინგი დრონებზე დაიხარჯება და ეს იქნება უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების ყველაზე დიდი მიწოდება, რაც კი დღემდე რომელიმე ქვეყანას განუხორციელებია. ასევე, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებას უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ.