რიში სუნაკი – იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ავიადარტყმები თავდაცვის აქტი იყო

იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ავიადარტყმები თავდაცვის აქტი იყო, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
„ჩვენი მიზანი ძალიან ნათელია. ესაა დაძაბულობის დეესკალაცია და რეგიონში სტაბილურობის აღდგენა. სწორედ ამიტომ ბოლო კვირების განმავლობაში მოკავშირეებმა მიმდინარე მოვლენები განცხადებებში დაგმეს და „ჰუსიტებს“ შეწყვეტისკენ მოუწოდეს”, – განაცხადა სუნაკმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც წითელ ზღვაში „ჰუსიტების” თავდასხმებს გმობდა და „ამბობდა, რომ ქვეყნებს თავდაცვის უფლება აქვთ, ჩვენ თავდაცვით ვმოქმედებდით”.
სუნაკმა აღნიშნა, რომ ჰუსიტები უდანაშაულო ხალხის სიცოცხლეს აყენებდნენ რისკის ქვეშ, გლობალურ ეკონომიკას აფერხებდნენ და რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენდნენ.
„ჩვენ ძლიერი სიგნალი უნდა გავაგზავნოთ, რომ საერთაშორისო სამართლის ეს დარღვევა არასწორია. ხალხს არ შეუძლია ასე დაუსჯელად მოქმედებდეს და ამიტომ, მოკავშირეებთან ერთად, გადავწყვიტეთ ეს გაგვეკეთებინა“, – განაცხადა სუნაკმა.
მან აღნიშნა, რომ იემენში ამერიკული და ბრიტანული ავიადარტყმები იყო „საჭირო, პროპორციული, გამიზნული ქმედება სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, „ჰუსიტების“ შესაძლებლობების შესამცირებლად და შესაფერხებლად“. როგორც სუნაკმა განაცხადა, წინასწარი მაჩვენებლებით ავიადარტყმები წარმატებული იყო. „ვითარების მონიტორინგს გავაგრძელებთ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.