დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
პრესკონფერენციაზე შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა „მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ევროპის თავდაცვისა და სამრეწველო ბაზაში“.
„გერმანია და დიდი ბრიტანეთი ერთად დგანან უკრაინის გვერდით. ჩვენი აშკარა მიზანია მხარდაჭერა, რათა უკრაინამ შეძლოს რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, NATO-ს ქვეყნები, არ ვართ ომში რუსეთთან. აშშ-ის გადაწყვეტილება არ გვათავისუფლებს აქ, ევროპაში ჩვენი მხარდაჭერის შემდგომი გაფართოებისგან, რათა ქვეყანამ შეძლოს თავის დაცვა აგრესიისგან. ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაფართოოთ ეს, ჩვენ ასევე ჩამოვაყალიბებთ სამუშაო ჯგუფს, რათა შევქმნათ გაუმჯობესებული ჩარჩო ორმხრივი უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის. მიუხედავად ამისა, ჩემი გადაწყვეტილება არის ძალიან ნათელი „ტაურუსის“ გაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება ასევე ნათელია იმ მხრივ, რომ ჩვენ კვლავ ვიქნებით უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ევროპაში“. – განაცხადა შოლცმა.
სუნაკის თქმით, მნიშვნელოვანია აშშ-სთვის იმის ჩვენება, რომ ევროპა NATO-ს ერთგულია.
„ჩვენ არ შეგვიძლია ველოდოთ, რომ ამერიკელები გადაიხდიან რაიმე საფასურს, აიღებენ რაიმე ტვირთს, თუ ჩვენ ევროპაში არ ვიქნებით მზად ამ მსხვერპლის გასაღებად და ამ ინვესტიციებისთვის და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – განაცხადა სუნაკმა.