გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერაში უფრო გაბედული უნდა იყოს, რათა ქვეყანას მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, დრონები და საბრძოლო მასალა მიაწოდოს და რუსული სამხედრო წინსვლა აღკვეთოს.
”პუტინის რუსეთი აგრძელებს გლობალური უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხის შექმნას. ეს ომი აჩენს ფუნდამენტურ კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა დასავლეთი მზად, გააკეთოს ის, რაც საჭიროა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად“, – წერს სუნაკი ბრიტანულ The Sunday Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
სუნაკის თქმით, მისი ქვეყანა და დასავლელი დემოკრატიული მოკავშირეები არ უნდა დამორჩილდნენ მზარდ პესიმიზმს, რომელიც არსებობს მოსკოვის დამარცხებაში კიევის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
„როგორც ჩანს, მოდად იქცა იმის გამოცხადება, რომ უკრაინა, რატომღაც, განწირულია წაგებისთვის, მაგრამ ეს უბრალოდ არასწორია. დიახ, უნდა ვიყოთ რეალისტები, მაგრამ არასოდეს არ დავუჭიროთ მხარი მარცხის მიმღებლობას, რაც მხოლოდ პუტინის მიზნებს ემსახურება“, – აღნიშნა სუნაკმა.
მისივე თქმით, დასავლეთმა ასევე უნდა გამოიჩინოს მეტი გაბედულება რუსული აქტივების ჩამორთმევის კუთხით.
„ეს იწყება მილიარდების პროცენტის აღებით, რომელსაც ეს აქტივები აგროვებს, და უკრაინაში გაგზავნით“, – აღნიშნა სუნაკმა.