თბილისის ცენტრალურ და ტურისტულად აქტიურ ნაწილში, ევროპის მოედანთან, რიყის პარკში „რიყის დოქები“ გაიყიდა. ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ კომპანია „რიყე დომისთვის“ მიყიდული ქონება „მაქრო ფროფერთიმ“ შეიძინა – ინვესტორს უფლება აქვს „დაშალოს“ დოქები და იქ სასტუმრო ააშენოს.
შპს „რიყე დომ“ და შპს „მაქრო ფროფერთიც“ საჯარო რეესტრში დავით ხიდაშელის მიერ „რიყის დოქების“ გაყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე დარეგისტრირდა – ერთი 24 აპრილს, მეორე კი ერთი დღის შემდეგ, 25 აპრილს. ორივე კომპანიის დირექტორი მიხეილ ტყეშელაშვილია, რომელიც ამავდროულად მართავს „ქართული ოცნების“ მილიონიერი დეპუტატის, გიორგი ბარვენაშვილის ბიზნესსაც.
კომპანიებს შორის გარიგება ნოტარიუსმა ნინო მათუაშვილმა 3 ივნისს დაამოწმა. სასტუმროს აშენების უფლებით „რიყის დოქები“ და 14 591 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ერთ თვეში 2 840 000 დოლარით ძვირად გაიყიდა. ამავე ხელშეკრულებით ირკვევა, რომ „რიყე დომის“ მფლობელს (შპს ნ.გ.ბ) ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის მისაცემი 10 მილიონი ლარი გადახდილი არ ჰქონდა – ეს თანხა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა სამ ეტაპად, 1 სექტემბრამდე უნდა მიიღოს.
ამ გარიგების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა. მან რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება:
· 2022 წლის მარტში „რიყის დოქების“ საბაზრო ღირებულებაზე 10-ჯერ უფრო იაფად გაყიდვა შეიძლება გამართლებულიყო მისთვის საინვესტიციო ვალდებულებად საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეების მოწყობის დავალდებულებით;
· 2024 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც ტერიტორია GLOBAL VICTORY TRUST-გან „რიყე დომმა“ იყიდა, მთავრობამ „რიყის დოქების“ დემონტაჟისა და იმ ადგილზე სასტუმროს აშენების უფლება გასცა. „რეალურად, ამ არსებული ნაგებობის 60-70% ვარგისი მასალაა, რომლის გასხვისება და შემოსავლის მიღებაა შეაძლებელი – იმაზე ბევრად ნაკლები არა, რამდენადაც სახელმწიფომ გაყიდა. ფაქტობრივად, რიყეზე 14 591 კვადრატულ მეტრამდე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიიღო უფასოდ“.
„საკითხში გაუთვიცნობიერებელმა ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ კომპანიას აქვს საინვესტიციო ვალდებულება, ფული უნდა დახარჯოს. თუმცა საინვესტიციო ვალდებულებით ინვესტორის მოძიების ინტერესი არის იმ ადგილებში, სადაც ბიზნესის განვითარება არახელსაყრელია… რიყეზე დღეს რომ აუქციონი ჩატარებულიყო და ეს ადგილი მიწად გაყიდულიყო, ვინ არ ააშენებდა იქ სასტუმროს ან რესტორანს – ეს ადგილი იქნებოდა მაღალკონკურენტული ადგილი“, – უთხრა ირაკლი აბესაძემ რადიო თავისუფლებას.
იმისთვის, რომ „რიყის დოქის“ ახალი ფლობელი საჯარო რეესტრმაც დაარეგისტრიროს, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული 2 840 000 დოლარი „მაქრო ფროფერთიმ“ სრულად უნდა დაფაროს. 6 ივნისის მონაცემებით, გადახდილი იყო მხოლოდ 2 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ლარში (5 463 600), დარჩენილი 840 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება მყიდველს თვის ბოლომდე აქვს.
ფორუმი
